გაეროში რუსეთის ელჩმა გამოაცხადა, რომ „უკრაინელია” - „არ ხართ", უპასუხა უკრაინის ელჩმა

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა მარიანა ბეცამ რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია დაადანაშაულა მანიპულაციასა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაში, მას შემდეგ, რაც ნებენზიამ გამოაცხადა, რომ „ნამდვილი უკრაინელია” და ზოგადად, რუსებსა და უკრაინელებს შორის განსხვავება არ არის.

პუტინი, მისი ხელისუფლება და კრემლის იდეოლოგები წლებია ეწევიან პროპაგანდას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და უკრაინა, როგორც ქვეყანა, მე-20 საუკუნემდე საერთოდ არ არსებობდა. 2021 წლის ზაფხულში პუტინმა გამოაქვეყნა სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის“ შესახებ, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ იდეოლოგიურ საფუძვლად იქცა.

ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინა გაქრება, მოლდოვა დაიშლება..."

ნიუ-იორკში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 24 თებერვალს განიხილავდნენ უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას და ომის დასრულების გზებს.

„ფორმალურად რომ ვთქვათ, მე უკრაინელი ვარ. ასეთი უცნაური გვარი მაქვს. სლავებმა იციან, რომ მას რთულად იპოვი უკრაინაშიც კი. ის(გვარი) ზაპოროჟიელი კაზაკებიდანაა”, - თქვა სხდომაზე გამოსვლისას ვასილი ნებენზიამ და დასძინა, რომ მისი მამა იმაზე ნამდვილი უკრაინელი იყო, ვიდრე უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი მარიანა ბეცაა.

„მაგრამ ჩვენთვის განსხვავება არ არის, ჩვენ ყველანი ერთი ვართ", - განაცხადა ნებენზიამ.

საჯარო წყაროების მიხედვით, საბჭოთა პერიოდის დოკუმენტებში ვასილი ნებენზიას მამის, ალექსეი ნებენზიას ეროვნებად უკრაინელია მითითებული. ამასთან, ალექსეი ნებენზია, რომელიც საბჭოთა პარტიული მუშაკი იყო, რუსეთის სარატოვის გუბერნიაში დაიბადა. თავად ვასილი ნებენზია რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადშია დაბადებული.

„ჯერ ერთი, ბატონო ნებენზია, თქვენ უკრაინელი არ ხართ, თავს ნუ იკატუნებთ. მეორე - ჩვენ არ ვართ ერთი ხალხი და არასდროს ვიქნებით“, - მიმართა რუსეთის წარმომადგენელს უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მარიანა ბეცამ.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, უკრაინა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანაა, ხოლო რუსეთი - აგრესიული სახელმწიფო, რომელიც დაკავებულია ტერორით, ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულით და გენოციდით.

ასევე ნახეთ როცა პუშკინიც "შუაშია" და - სტალინიც