რუსეთმა მკვეთრად გაზარდა დრონებისთვის საჭირო ოპტიკური ბოჭკოების იმპორტი ჩინეთიდან

რუსული FPV დრონების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ნარჩენები უკრაინაში. ჩასოვ-იარი, 25 ოქტომბერი, 2025.

2025 წელს რუსეთმა მკვეთრად გაზარდა ჩინეთიდან ოპტიკური ბოჭკოების შესყიდვა. ამან რუსი მყიდველებისთვის ფასების 2,5-4-ჯერ ზრდა გამოიწვია, იუწყება „ვედომოსტი“.

ამჟამად რუსეთს პრაქტიკულად არა აქვს ოპტიკური ბოჭკოს საკუთარი წარმოება. ერთადერთი სპეციალიზებული საწარმო, სარანსკში მდებარე სს „ოპტიკოვოლოკონნიე სისტემი“, 2025 წლის გაზაფხულზე დრონებით თავდასხმების სერიის შემდეგ დაიხურა. გაზეთის წყაროების ცნობით, მას მერე რუსეთი მთლიანად არის დამოკიდებული ოპტიკური ბოჭკოების ჩინეთიდან იმპორტზე.

პეკინის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების კვლევის ცენტრის ანალიტიკოსების თქმით, რუსეთმა 2025 წელს მსოფლიოში წარმოებული ბოჭკოვანი კაბელების დაახლოებით 10,5% შეიძინა. წინა წლებში რუსეთის წილი ჩინეთის ექსპორტში 1%-ს არ აღემატებოდა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში მოხმარებამ თითქმის 60 მილიონ კილომეტრს მიაღწია.

„ვედომოსტის“ ცნობით, მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. 2025 წელს რუსეთმა და უკრაინამ აქტიურად დაიწყეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენება FPV დრონებში - ეს დრონები უფრო ძნელად აღმოსაჩენია და შეუძლებელია მათი ჩახშობა ბრძოლის ელექტრონული საშუალებებით. გარდა ამისა, ახალ მსხვილ მომხმარებლებად იქცა მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზეა კონცენტრირებული.

ასევე ნახეთ „სიკვდილის ზონა“: რა ტაქტიკას იყენებენ ბრძოლის ველზე რუსეთისა და უკრაინის ჯარები

ჩინეთის წილი მსოფლიოში ოპტიკური ბოჭკოების წარმოებაში 60%-ზე მეტს შეადგენს და რუსი მომხმარებლები მას ჩინეთის საბაზრო ფასებში ყიდულობენ. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ფონზე პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა: თუკი საკომუნიკაციო ქსელებში გამოყენებული ოპტიკური ბოჭკოების ფასი 2025 წლის დასაწყისში კილომეტრში დაახლოებით 16 იუანი იყო, 2026 წლის იანვრისთვის ფასი კილომეტრში 40 იუანამდე გაიზარდა.

ასევე ნახეთ საბრძოლო დრონები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფეთქებები და ახალი შეიარაღება