ეს არ არის უბრალოდ „არავის მიწა“ მოწინააღმდეგეთა სრული კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის. ეს არის მოძრავი ზოლი შეხების ხაზის გასწვრივ, ბუნდოვანი ფრონტის ხაზით და შერეული პოზიციებით, ზოგჯერ ათობით კილომეტრის სიღრმით, სადაც ნებისმიერი ღია გადაადგილება უკიდურესად სარისკოა ტექნიკისა და ჯარისკაცებისთვის. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღწერს, როგორ მოქმედებენ რუსეთისა და უკრაინის ჯარისკაცები ამ „მკვლელ ზონაში“ და ცდილობენ, ომის წარმოების ადაპტირებას ცვალებად გარემოებებთან.
რა არის „სიკვდილის ზონა“?
„სიკვდილის ზონა“ ასე გამოიყურება: უკრაინას არ ჰყავს საკმარისი ქვეითი ჯარი მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ უწყვეტი პოზიციების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, დრონებმა შეუძლებელი გახადა სანგრების ომი, რადგან ასეთ პოზიციებზე ძალიან ადვილად ხდება ჰაერიდან თავდასხმა. ამიტომ, უკრაინის არმია იძულებულია, რუსეთის მოიერიშე ძალებს ძირითადად დრონებითა და არტილერიით შეუტიოს, ხოლო ხმელეთზე მისი ქვეითი ჯარი ინარჩუნებს მხოლოდ იზოლირებულ პოზიციებს, რომლებიც დაცულია დანაღმული ველებით, თხრილებით, ეკლიანი მავთულხლართებით, „დრაკონის კბილებით“, შენობებითა და მათი ნანგრევებით.
თავის მხრივ, რუსეთის ჯარისკაცები იყენებენ „ინფილტრაციის“ ტაქტიკას: ცდილობენ ამ ზონის გადალახვას ქვეითთა მცირე ჯგუფებით, რომლებსაც მხარს უჭერენ დრონები, არტილერია და თვითმფრინავები. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ფრონტის ხაზი გადაინაცვლებს, თუმცა უკრაინული მოიერიშე ჯგუფები ზოგჯერ კონტრშეტევებს იწყებენ და ტერიტორიას იბრუნებენ.
ორივე მხარის დრონების ოპერატორების მიზანია არა მხოლოდ დაზვერვის ჩატარება ან უშუალო პოზიციებზე თავდასხმა, არამედ ზურგში მტრის ლოგისტიკის მოკვეთაც, რაც ჯარების როტაციას და საბრძოლო მასალისა და საკვების მიწოდებას არღვევს. დრონების უწყვეტი თავდასხმები მნიშვნელოვნად ართულებს ორივე მხარის ქვეითი ჯარისკაცების ცხოვრებას: ისინი იძულებული არიან, თვეების განმავლობაში დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე.
უკრაინული გამოცემა „ტექსტი“ აღწერს, თუ როგორ ხდება ჯარების როტაცია და მომარაგება „სიკვდილის ზონაში“: პიკაპები ქვეითებს პოზიციებიდან 1-7 კილომეტრში გადმოსხამენ. გზის დარჩენილ ნაწილს მეომრები ფეხით გადიან და ზურგით ეზიდებიან მძიმე ტექნიკას. საბრძოლო მასალის, პროდუქტებისა და საკვების მიწოდებას ცდილობენ დიდი დრონებით, რომლებიც პოზიციებზე 20 კილოგრამამდე წონის „ამანათებს“ ყრიან საჭირო დროსა და ადგილას. ეს სწრაფად და ზუსტად უნდა გაკეთდეს, რადგან ტვირთის გადამტანი სახმელეთო მანქანები ადვილად ფიქსირდება და ნადგურდება. „ერთი წლის წინ „ნაცრისფერი ზონა“ 500-2000 მეტრზე ვრცელდებოდა. ახლა ის 5-6 კილომეტრამდე გაფართოვდა, ზოგიერთი მიმართულებით კი 7 კილომეტრამდე“, ამბობდა 2025 წლის აპრილში უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე მექანიზებული ბრიგადის უპილოტო სისტემების ბატალიონის უფროსი სერჟანტი. „ჰაერში ნებისმიერ დროს არის დაახლოებით 50 დრონი - როგორც სადაზვერვო, ასევე მოიერიშე, როგორც ჩვენი, ისე მათი“.
ანალიტიკური ცენტრი ICDS წერს, რომ 2025 წელს უკრაინის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები იქცა დამქანცველ ბრძოლებად დრონების გამოყენებით, „სიკვდილის ზონა“ კი 35-40 კილომეტრის სიღრმეს აღწევს და უფრო სასიკვდილო გახდა. შეხების ხაზიდან 10-15 კილომეტრში მდებარე უსაფრთხო ზურგის კონცეფცია დღეს პრაქტიკულად გაქრა.
როგორც უკრაინული პორტალის, „მილიტარნის“, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, უახლოეს მომავალში „სიკვდილის ზონა“ შეიძლება 50-60 კილომეტრამდე გაფართოვდეს.
ორი წლის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დაწერა იმ ჩიხზე, რომელშიც ომი აღმოჩნდა თავდაცვისა და შეტევის უფრო მაღალი ეფექტიანობის გამო. მისი სიტყვებით, ამას მოჰყვა ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვისაც და რუსეთის სამხედროებისთვისაც შეუძლებელი გახდა გარღვევისთვის ჯარების თავმოყრა ბრძოლის ველის სრული გამჭვირვალობის პირობებში.
ახლა ზალუჟნი აღნიშნავს, რომ რუსეთმა იპოვა ჩიხიდან გამოსავალი - „ინფილტრაცია“, ცალკეული ჯარისკაცების ან მცირე ქვეითი ჯგუფების შეღწევა უკრაინის თავდაცვის „ფოროვან“ სისტემაში. სიტუაცია შეიცვალა დამცველებისთვისაც: ისინიც ბრძოლის ველის სრული გამჭვირვალობის პირობებში მოქმედებენ.
„პირადი შემადგენლობის დიდი კონცენტრაცია, თუნდაც თავდაცვაში, უკვე შეუძლებელია. ჯარების ნებისმიერი კონცენტრაცია თითქმის მყისიერად ნადგურდება მოიერიშე FPV-დრონებით ან უპილოტო საფრენი აპარატებით კონტროლირებადი არტილერიით. თავდაცვა ორგანიზებულია გაფანტული პოზიციების სახით, რომლებსაც ავტონომიურად მოქმედი მცირე ჯგუფები იკავებს უკიდურესი დაძაბვის ფასად. სიკვდილის ზონა ფართოვდება: მაღალი სიზუსტის ცეცხლი ღრმად აღწევს იქ, სადაც ადრე ზურგი იყო. თავად უსაფრთხო ზურგის იდეა ქრება, მისი ტრადიციული მდებარეობა წინა ეშელონების უკან, 40 კილომეტრის რადიუსში, უკვე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი,“ წერს ზალუჟნი.
„შედეგად, თავდაცვა მეორე ეშელონის, რეზერვებისა და დამხმარე საცეცხლე ძალის გამოყენებით პოზიციების აქტიური დაცვიდან გადადის მცირე დანაყოფების უბრალო გადარჩენაზე, რომლებიც მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან დისტანციური სადაზვერვო-დამრტყმელი სისტემებისა და მცირე ქვეითი ჯგუფების მასირებული იერიშების სახით,“ ამბობს ის.
თუმცა, გამოცემა „მილიტარნი“ აღნიშნავს, რომ „სიკვდილის ზონა“ არის არა გარანტირებული განადგურების ზონა, არამედ გაზრდილი რისკის ზონა. დღეს როგორც რუსეთის, ისევე უკრაინის ჯარისკაცებმა ისწავლეს მასში მოქმედება. ისინი დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან იზოლირებულ პოზიციებზე, მიუხედავად მრავალრიცხოვანი FPV-დრონების თავდასხმებისა. ეს არის ომის ამჟამინდელი რეალიები და ორივე მხარე ცდილობს მათთან ადაპტაციას.
თავდაცვა „მეორე ნომრის პოზიციიდან“
სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა პროსამთავრობო რუსი პოლიტოლოგის, ალექსეი ჩადაევის, პოსტი. ჩადაევი 2000-იან და 2010-იან წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო დაახლოებული. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მან საბრძოლო დრონებზე დაიწყო მუშაობა და ამჟამად ხელმძღვანელობს კომპანია „უშკუინიკს“, რომელიც რუსეთის არმიისთვის დრონებს ავითარებს და აწარმოებს.
„მებრძოლი ან ფრონტთან კონტაქტის მქონე ადამიანების“ მონათხრობზე დაყრდნობით ჩადაევი (რუსეთის სამხედროთა პერსპექტივიდან) აღწერს უკრაინის ჯარების შეცვლილ ტაქტიკას, რომელსაც ის „მეორე ნომრად თამაშს“ უწოდებს. მისი თქმით, რუსეთის უწყვეტი შეტევის ფონზე „თითქმის ყველგან“ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, ეს შეტევა რუსეთის ჯარისკაცებისთვის „რაც შეიძლება რთული, სისხლიანი და დანაკარგებიანი“ გახადონ.
ჩადაევი ასევე ამტკიცებს, რომ რუსული თავდასხმების მოლოდინში უკრაინის ჯარებს არტილერია სიღრმეში, რუსული დრონების მოქმედების რადიუსს მიღმა გააქვთ და თავიანთ მოწინავე პოზიციებზე აქვთ დამიზნებული. როდესაც რუსეთის ჯარები უკრაინულ საყრდენ პუნქტებს იკავებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ ცეცხლს უხსნიან და „იქ შესულებთან ერთად ანადგურებენ“. ამ დროს, დრონები გარშემო ნებისმიერ აქტივობას „იჭერენ“ და გადარჩენილებს ანადგურებენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს „უწყვეტი დანაღმვა, მათ შორის დისტანციური დანაღმვა და ლოგისტიკურ ხაზებზე „ჟდუნების“ (დრონები, რომლებიც ადგილზე ელოდებიან სამიზნეების გამოჩენას - რედ.) აქტიური გამოყენება“, წერს რუსი სპეციალისტი.
ამასთან, შენიშნავს ჩადაევი, როდესაც რუსეთის ჯარისკაცები ცდილობენ „მეორე ეშელონის“ გამოძახებას, მათ შორის დრონების ოპერატორებისა, უკრაინის ძალები ადგილობრივ კონტრშეტევებს ახორციელებენ არსებული „სიკვდილის ზონის“ შესანარჩუნებლად.
„ვინაიდან ეს სიტუაცია არა ერთხელ და ორჯერ მეორდება, ჩვენებს, ყველა დონეზე, სულ უფრო ნაკლებად აქვთ იერიშის სურვილი. და მათ მშვენივრად შეიძლება გაუგო - ეს არის გარდაუვალი გადაცვლა გავლილი კილომეტრებისა და სიცოცხლეზე, ამასთან, ძალიან ძვირადღირებული მებრძოლების სიცოცხლეზე: იმათი, ვინც პრინციპში იცის და შეუძლია მოქმედება ამ მკვლელ ზონაში (გაუწვრთნელები იქ უბრალოდ ყოველგვარი შედეგის გარეშე დაიღუპებიან)," აღნიშნავს ის.
უკრაინის კონტრშეტევები
უკრაინული ქვედანაყოფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან აქტიური, კონტრშეტევებზე დამყარებული თავდაცვის უნარით და რუსეთი ამის გამოყენებას ცდილობს.
The Financial Times წერს, რომ უკრაინა ემყარება „გამოცდილ და საიმედო ქვედანაყოფებს, რომელთა რაოდენობა მცირდება“ და ერთ ადგილზე მათმა ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის წინსვლა სხვა ადგილებში. გამოცემას მაგალითად მოჰყავს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევა კუპიანსკში, ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთში, სადაც განალაგეს „ყველაზე კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცები“. თუმცა, ამან თავდაცვაში ჩავარდნები გამოიწვია სხვა მიმართულებაზე, ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთში, გულიაიპოლეში. იქ უკრაინული ბრიგადები „პირადი შემადგენლობის უკმარობას განიცდიდნენ და ბრძოლებით გამოფიტული იყვნენ“.
FT აღნიშნავს, რომ ადამიანური რესურსების დეფიციტის გამო უკრაინა „სულ უფრო მეტად ემყარება „ხანძარსაწინააღმდეგო“ მოიერიშე ჯგუფებს, რომლებსაც კრიზისულ წერტილებში გზავნიან სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“. გამოცემას მოჰყავს ფინური მონიტორინგის ჯგუფის, Black Bird-ის, სამხედრო ანალიტიკოსის, ემილ კასტეჰელმის სიტყვები: „უკრაინელები გამოიფიტნენ, მათ მოახერხეს კუპიანსკში ზეწოლის შემსუბუქება, მაგრამ შემდეგ ფრონტი სხვაგან გაიბზარა“.
ითვლება, რომ ასეთ „ხანძარსაწინააღმდეგო“ ბრიგადებს პრიორიტეტი ენიჭებათ დაკომპლექტებისა და აღჭურვის თვალსაზრისით.
რუსეთმა, ცხადია, ამის შესახებ იცის. FT-ს მოჰყავს უკრაინის დრონების ელიტური ქვედანაყოფის მეთაურის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ჯარებისთვის ფრონტის მთელ სიგანეზე წინსვლის ტაქტიკა მიმართული არის იმაზე, რომ უკრაინას ხელი შეუშალოს პრიორიტეტული ტერიტორიების გაძლიერებაში. რუსეთისთვის ამჟამად ცენტრალური მიმართულებაა დონეცკის ოლქის სრულად დაკავება. თუმცა, რუსეთის ჯარები სხვა რეგიონებშიც უტევენ, რითაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებენ იქ რეზერვების განლაგებას, რაც ხელს უშლის მათ ძირითადი ტერიტორიების გაძლიერებაში, აღნიშნავს გამოცემა.
ზალუჟნი წერს, რომ მცირე მასშტაბის შეტევების ტაქტიკის გამო რუსეთის დანაკარგები ძალიან მაღალია. თუმცა, თითოეული მცდელობა ავლენს უკრაინის ძალების პოზიციებს, ფიტავს მათ და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები იწვევს მოიერიშე ქვედანაყოფების „ბუნებრივ ეროზიას“: „რუსეთი იყენებს ტექნოლოგიებს და აგრძელებს ჩვენს პოზიციებზე სულ უფრო მეტი ადამიანის გადმოსროლას, თავს გვახვევს გამოფიტვის ტაქტიკას“. ზალუჟნი ასევე აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია ამას დაუპირისპიროს მხოლოდ სამხედრო ინოვაციები, რათა „რესურსების დეფიციტის კომპენსაცია მოახდინოს და შეუდარებელი ზარალი მიაყენოს რუსეთს“.
„ზურგი, როგორც ასეთი, არ არსებობს“
უკრაინელი აქტივისტი სერჰი სტერნენკო, რომელიც ახლახან დაინიშნა უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მრჩევლად, წერს, რომ 2025 წლის ომი ძალიან განსხვავებულია 2024 წლის ომისგან. „ზურგი ფრონტიდან 30 კილომეტრში, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს უკვე უნდა გააცნობიერონ, განსაკუთრებით ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა... დროთა განმავლობაში უარესად იქნება საქმე, რადგან ტექნოლოგია ვითარდება. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები 40 და 50 კილომეტრზეც იქნება FPV-დრონებზე“, აღნიშნავს ის.
ამ აზრს იზიარებს რუსეთის ცნობილი ომის მომხრე ტელეგრამის არხი, „რიბარი“: „ის, რაც ცოტა ხნის წინ ღრმა ზურგი იყო, დღეს შეიძლება „მკვლელ ზონად“ იქცეს. ადრე ფრაზა „ბრძოლის ველის იზოლაცია“ რამდენიმე კილომეტრის სიღრმის ზონას გულისხმობდა. დღეს კი - ათობით კილომეტრს, 50 კილომეტრამდე. „დრონები არღვევს მომარაგების ხაზებს - მტერს მარაგი აკლია - თავდაცვა ნგრევას იწყებს“.
რაც შეეხება რუსეთის ჯარების ზურგს, მათ არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სამეთაურო ცენტრები გაჰყავთ უკრაინული მოკლე რადიუსის დამრტყმელი სისტემების უმეტესობის დიაპაზონის მიღმა, ამტკიცებს დავიდ კირიჩენკო The National Interest-ში. ანალიტიკოსი წერს, რომ ამ ტემპის შესანარჩუნებლად უკრაინას სჭირდება თავისი საშუალო დისტანციის დრონების შესაძლებლობების გაფართოება.
კირიჩენკო ასევე იმოწმებს ბრაიან პიკენსს, ყოფილ „მწვანე ბერეტს“, აშშ-ის არმიის ელიტური ქვედანაყოფის ყოფილ ჯარისკაცს, რომელიც უკრაინის სპეცრაზმში იბრძოდა: „უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს, 30-დან 100 კილომეტრამდე დიაპაზონში მდებარეობს... რუსეთი წინ უშვებს ქვეითებს, როგორც სახარჯ მასალას, ყველაზე ძვირფას სისტემებს ღრმა ზურგში ინახავს და მათ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით იცავს. უკრაინას არ გააჩნია სისტემები, რომლებსაც ამ დიაპაზონში შეუძლიათ საიმედო დარტყმების განხორციელება“.
„National Interest“-ის სტატიაში ასევე მოყვანილია აშშ-ში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანამშრომლის, ჯორჯ ბაროსის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ „უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს ფრონტის ხაზიდან 65-დან 95 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეებთან ბრძოლის უნარი“.
ამ შეფასებას ეთანხმება ყოფილი ამერიკელი სამხედრო რაიან ო’ლირი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის. მისი აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონების ტაქტიკურ გამოყენებაში არ ჩამოუვარდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინის ქვედანაყოფები ყოველდღიურად აგრძელებენ მტრის ქვეითებზე მრავალრიცხოვან დარტყმებს FPV დრონების გამოყენებით. ამასთან, ო’ლირი მიიჩნევს, რომ უკრაინა ოპერატიულად და სტრატეგიულად აგებს, რადგან „მას არასდროს ჰქონია მიზნად დასახული სიღრმისეული უპირატესობის მოპოვება“.
„დრონებით ომი არ ეხება იმას, თუ ვის შეუძლია დღეს მეტი ჯარისკაცის მოკვლა“. საქმე ისაა, თუ ვინ გააკონტროლებს ხვალ სივრცეს“. „სიღრმის კონტროლი ნიშნავს მოძრაობის, ლოგისტიკის, დაზვერვის, თვალთვალის, კომუნიკაციებისა და გადაწყვეტილების მიღების კონტროლს მთელ სექტორში და არა მხოლოდ ერთ ტრანშეაზე ან ბუნკერზე“, განმარტავს ის.
ო’ლირი აღნიშნავს, რომ უკრაინა კვლავ ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქვეითი ჯარის განადგურებას, რაც „უფრო თვალსაჩინოა და პოლიტიკურად უსაფრთხო“. თუმცა, მისი თქმით, ეს ხელს უშლის მას ბრძოლის ველის კონტროლში. ამავე დროს რუსეთის მიზანია ოპერატიული სივრცის კონტროლი, მისი ყურადღების ცენტრშია „ნადირობა“ უკრაინელ დრონების ოპერატორებსა და სადაზვერვო აქტივებზე, ლოგისტიკის კვანძების განადგურებაზე, გზების კონტროლსა და ტექნიკის და არა ქვეითების განადგურებაზე.
„უკრაინა ტაქტიკურად იმარჯვებს, მაგრამ ოპერატიულად აგებს. ჩვენ ვიმარჯვებთ მედიაში, მაგრამ ვაგებთ მიწაზე. რუსეთი კარგავს ჯარისკაცებს, მაგრამ მოიპოვებს გადაადგილების თავისუფლებას. „უკრაინა კლავს ადამიანებს, მაგრამ კარგავს ტერიტორიას“, წერს ო’ლირი.
დრონების ოპერაციები „ცხვირწინ“
ჯარისკაცი ბოჰდან დმიტრუკი მსგავს პერსპექტივას იზიარებს და სოციალურ მედიაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებთან (СБС) ურთიერთქმედების გამოცდილებას გვიზიარებს. ჩანაფიქრის თანახმად, ისინი მეორე ეშელონის როლს უნდა ასრულებდნენ და უკრაინის არმიის წინა ხაზზე მყოფი ქვედანაყოფების მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ.
დმიტრუკი აღნიშნავს, რომ СБС ხშირად წინა ხაზზე მყოფი ბრიგადების უპილოტო ქვედანაყოფებზე უკეთ არის უზრუნველყოფილი. თუმცა, საბრძოლო მისიების შესრულება მაინც წინა ხაზზე მყოფ ქვედანაყოფებს ევალებათ, რადგან მათი დრონების ოპერატორები მტერთან უფრო ახლოს არიან განლაგებული.
„სავარაუდოდ, СБС უკეთ არის აღჭურვილი, მაგრამ ეს ჩვენს მონაკვეთზე მეტ დარტყმას არ ნიშნავს. პირიქით, ჩვენს ზოლში არის მტრის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები, რომლების მიღწევა მეწინავე ბრიგადების დრონებით არის შესაძლებელი. თუმცა, მათ კრიტიკულად შეზღუდული რესურსები აქვთ მტრის ლოგისტიკაზე თავდასხმებისთვის. „СБС ამ ლოგისტიკურ მარშრუტებს არასდროს აღწევს, როცა მათ სთხოვენ, მაგრამ ზოგჯერ ისინი ამ მარშრუტებზე სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ იტყობინებიან,“ სამხედრო მოსამსახურე.
დმიტრუკი ასევე აკრიტიკებს მოწინააღმდეგის მოკვლისთვის ქულების მინიჭების ელექტრონულ სისტემას. ეს ქულები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღჭურვილობისა და დრონების შესაძენად საკუთარი ქვედანაყოფისთვის. სინამდვილეში, აღნიშნავს ის, ქულების მინიჭება ხდება მტერზე ისეთი დარტყმებისთვისაც კი, რომელთა დადასტურება გამოსახულების ცუდი ხარისხის გამო შეუძლებელია და ეს უარყოფითად მოქმედებს რეალურ სტატისტიკაზე.
„რიცხვებს კი არ უნდა „გამოვედევნოთ“, არამედ ეფექტიანობას, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მცირე ზოლებში კონცენტრირებული ქვედანაყოფების ეს წარმოუდგენელი ზოოპარკი ხელს უშლიდეს მტერს წინსვლაში, ჩვენი ქვეითების, პილოტების და ა.შ. განადგურებაში“, ასკვნის დმიტრუკი.
24 იანვრის საღამოს უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ, რომლის ამოსაცნობი სახელია „მადიარი“, დმიტრუკის კრიტიკას უპასუხა. მან განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში СБС-ის ეკიპაჟიდან მხოლოდ რვა მსახურობს СБС-ში, შეიარაღებული ძალების ახლად შექმნილ სახეობაში. СБС უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი რაოდენობის 2,2%-ს შეადგენს და მოიცავს 12 საბრძოლო ქვედანაყოფს არსებული 500-ზე მეტი ქვედანაყოფიდან. ბროვდის თქმით, ამ ქვედანაყოფების ეკიპაჟები მთელს ფრონტს კი არ ფარავენ, არამედ მხოლოდ 30%-ს და, როგორც წესი, ფრონტის ყველაზე „ცხელ“ მონაკვეთებში არიან განლაგებული. ამასთან „მადიარი“ ამტკიცებს, რომ ეს 12 ქვედანაყოფი ანადგურებს ყოველ მესამე დადასტურებულ სამიზნეს და მტრის ყოველ მესამე ერთეულ ცოცხალ ძალას, რასაც გენშტაბი აქვეყნებს. მისი თქმით, მაგალითად, დეკემბერში ქვედანაყოფებმა დღეში 984 სამიზნეს დაარტყეს, რომელთაგან 388 ცოცხალი ძალა იყო.
თუმცა, ბროვდი აღიარებს, რომ მისი ყველა ქვედანაყოფი თანაბრად ეფექტიანი არ არის და რომ 12 ქვედანაყოფიდან მხოლოდ ნახევარი მოქმედებს „სასურველი ტემპით“. მან ასევე აღიარა, რომ დეკემბერში მტრის ცოცხალი ძალის განადგურების საშუალო სიღრმე 1,44 კილომეტრი იყო და რომ СБС-ის ქვედანაყოფები „ფაქტობრივად, ცხვირწინ მოქმედებენ“.
თუმცა, მისი აზრით, ეს განპირობებულია არა მისი ქვედანაყოფების პილოტების ტექნიკური შესაძლებლობებით ან კვალიფიკაციით, არამედ არმიის კორპუსის ამჟამინდელი საჭიროებებით, რომლის მონაკვეთებზეც მუშაობენ СБС-ის ქვედანაყოფები.
„არც ერთი კორპუსის მეთაური, რომელსაც საკუთარი ბრიგადებიდან და დაქვემდებარებული ქვედანაყოფებიდან ასობით ეკიპაჟი ჰყავს პასუხისმგებლობის ზონაში, არ არის მზად, რომ СБС-ს საჭირო სიღრმეზე მოქმედების საშუალება მისცეს. საკუთარი ქვეითი ჯარის შენარჩუნება არის და დარჩება მთავარ პრიორიტეტად“, აგრძელებს „მადიარი“.
ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის ცოცხალი ძალა დეკემბერში СБС-ის მიერ განადგურებული სამიზნეების მხოლოდ 39,4%-ს შეადგენდა. უკრაინელი სამხედროს თქმით, დარტყმების დიდი ნაწილი (60-70%) მოდის რუსეთის არმიის ლოგისტიკაზე, სამხედრო ტექნიკაზე, უპილოტო საფრენი აპარატების პილოტებსა და მათ აღჭურვილობაზე, საჰაერო სამიზნეებსა და თავშესაფრებზე. იქ კი, მისი თქმით, ზოგიერთ კატეგორიაში დარტყმის სიღრმე უკვე 15 კილომეტრს აღწევს.
ბროვდის აზრით, სიღრმისეული დარტყმისთვის უნდა შეიქმნას ახალი ეკიპაჟები - არსებულზე მინიმუმ სამჯერ დიდი, ხოლო არსებული ეკიპაჟები, თავის მხრივ, ტაქტიკურ სიღრმეზე გააგრძელებენ მოქმედებას.
ეფექტიანობა
უკრაინული ტაქტიკის წარმატება ირიბად შეიძლება შეფასდეს რუსეთის არმიის წინსვლის ტემპით და დანაკარგებით.
Black Bird Group-ის მონაცემებით, 2025 წლისთვის რუსეთის არმიამ მოახერხა 4981 კვადრატულ კილომეტრზე წინსვლა. ეს 737 კვადრატული კილომეტრით მეტია, ვიდრე 2024 წელს, კურსკის ოლქში ბრძოლების გათვალისწინებით, სადაც რუსეთის ჯარებმა თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლებით გამოდევნეს უკრაინის ძალები.
რუსული დანაკარგების ზედა ზღვარი ეფუძნება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 417000 ჯარისკაცი დაკარგა 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე (შედარებისთვის, მისივე 2024 წლის მონაცემები თითქმის 430000 არის.) ეს მაჩვენებლები მოიცავს აბსოლუტურად ყველა დანაკარგს: არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ ბრძოლაში დაკარგულებს, დაჭრილებს და სანიტარულ დანაკარგებსაც - რაც ნიშნავს, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ აუნაზღაურებელ დანაკარგებს.
უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მიზანია, რუსეთს ყოველთვიურად 50000 ჯარისკაცამდე დააკარგვინოს, რაც მისთვის ომის წარმოებას შეუძლებელს გახდის. „სტრატეგიული მიზანია თვეში 50000 [რუსი ჯარისკაცის] მოკვლა. გასულ თვეში 35000 დაიღუპა - ყველა ეს დანაკარგი ვიდეოზეა დადასტურებული. თუ 50000-იან მაჩვენებელს მივაღწევთ, ვნახავთ, რა მოუვა მტერს. ისინი ადამიანებს თვლიან რესურსად, რომელთან დაკავშირებული პრობლემებიც უკვე აშკარაა“.
დავოსის ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ომის ერთ თვეში 35000 ჯარისკაცი დაკარგა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ თვეს გულისხმობდა, მაგრამ ფედოროვის სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი და მინისტრი დეკემბერზე საუბრობდნენ.
უკრაინის გენერალური შტაბის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დეკემბერში 34000 მეომარი დაკარგა, მოიცავს არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ ნებისმიერ დანაკარგსაც, ამიტომ უკრაინის პრეზიდენტისა და მინისტრის მონაცემები, სავარაუდოდ, გაბერილია. დრონის ოპერატორი მიხაილო (სახელი შეცვლილია - რედ.) არ გამორიცხავს, რომ ფედოროვისა და ზელენსკის მიერ მოყვანილი რუსეთის დანაკარგი შეიძლება ზუსტი იყოს, რადგან ყველა მათგანის დადასტურება შეუძლებელია. „ვთქვათ, დრონით ვესროლეთ ბლინდაჟს. რამდენი ადამიანია შიგნით? როგორ დავადასტუროთ ეს? ან დავწვით ქვეითთა საბრძოლო მანქანა და დავთვალეთ ირგვლივ მწოლიარეები, მაგრამ როგორ დავთვალოთ შიგნით მყოფები?“ - განმარტავს ის.
გარდა ამისა, მიხაილო აღნიშნავს, რომ დრონების ოპერატორებს ყოველთვის არ შეუძლიათ გარედან FPV-დრონების დარტყმების მონიტორინგი სადაზვერვო დრონებით: „რაღაცას მოარტყამ და მერე გადადიხარ შემდეგ დავალებაზე, რაც დადასტურების პროცესში კიდევ ერთი დაბრკოლებაა“, დასძენს სამხედრო მოსამსახურე.
BBC-ის 2025 წლის მონაცემები ასევე მიუთითებს რუსეთის დანაკარგების ყველაზე მკვეთრ ზრდას სრულმასშტაბიანი უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგალითად, შარშანდელი წლის განმავლობაში აღმოჩენილი რუსი ჯარისკაცების ნეკროლოგების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა. 2025 წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა 11200 ნეკროლოგი აღმოაჩინეს და, მიუხედავად იმისა, რომ BBC აღნიშნავს, რომ მათი სტატისტიკა შესაძლოა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 45-65%-ს ასახავდეს, ეს მაჩვენებელი მაინც გაცილებით დაბალია, ვიდრე ზელენსკის განცხადება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არმია ყოველთვიურად დაახლოებით 40-43 ათას ჯარისკაცის რეკრუტირებრას ახდენს, რაც ასევე ეწინააღმდეგება სხვა მონაცემებს, მათ შორის უკრაინულს.
• ეკონომისტი იანის კლუგე, რომელიც რუსეთის სამხედრო ხარჯებს ადევნებს თვალს, თვეში დაახლოებით 30000 ახალ კონტრაქტზე ლაპარაკობს.
• კირილ ბუდანოვი, სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ რუსეთმა წელს 400 ათასზე ოდნავ მეტი ახალი კონტრაქტორი ჯარისკაცი დაიქირავა, რაც თვეში საშუალოდ 33 ათასს შეადგენს.
• ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი ბუდანოვზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთის გეგმა კონტრაქტორი ჯარისკაცების 2026 წელს დაქირავების შესახებ შეიძლება შედარებულ იქნეს 2025 წლის გეგმასთან და ის დაახლოებით 409 ათასს შეადგენს.
ამრიგად, დრონებმა და ტექნოლოგიებმა ფუნდამენტურად შეცვალა ომის რეალიები. მაგრამ ისინი მხოლოდ დაზვერვისა და სამიზნეების განადგურების საშუალებაა და არა ტერიტორიის კონტროლისა. ქვეითი ჯარი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში საშინელ პირობებში იზოლირებულ პოზიციებზე ატარებს როტაციის გარეშე, კვლავ უზარმაზარ, თუ არა მთავარ როლს ასრულებს ბრძოლის ველზე და განსაზღვრავს, თუ ვინ აკონტროლებს ამჟამად ფრონტის კონკრეტულ სექტორს. აქ კი გავლენას ახდენს პირადი შემადგენლობის ნაკლებობა, დეზერტირობის მაღალი მაჩვენებლები და უკრაინის არმიაში მმართველობის პრობლემები. ცნობილია შემთხვევები, როცა უკრაინის ჯარისკაცები პოზიციებზე ატარებდნენ 87 დღეს, 130 დღეს, ექვს თვეზე მეტს ან 471 დღესაც კი. ზუსტად ამდენი ხანი გაატარა საველე ოპერაციებში სერჰი ტიშჩენკომ, 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო ექიმმა: ის პოზიციაზე 2024 წლის 13 აგვისტოს შევიდა და მხოლოდ 2025 წლის 28 ოქტომბერს დაბრუნდა.