ჟენევაში დასრულდა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

სტივ უიტკოფი (შუაში) და ჯარედ კუშნერი ბადრ ალ-ბუსაიდისთან (მარჯვნივ) შეხვედრისას. ჟენევა, 26 თებერვალი, 2026.

ჟენევაში დასრულდა თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. შეხვედრა გაიმართა რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ამერიკელები განაგრძობენ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნის ზრდას. თავად ირანში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა დაიწყო.

ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმოადგენდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. წინა რაუნდებს, რომლებიც გაიმართა 7 თებერვალს ომანში და 17 თებერვალს ჟენევაში, შედეგი არ მოუტანია, თუმცა ირანის წარმომადგენლები გარკვეულ პროგრესზე საუბრობენ.

ხუთშაბათს პროგრესზე ილაპარაკა ასევე ომანმა, რომელიც საკონსულტაციო შეხვედრებზე შუამავლის როლში გამოდის.

„დღემნიშვნელოვანი პროგრესით დავასრულეთ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში,“ განაცხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალ-ბუსაიდიმ. მისი თქმით, მომავალ კვირაში ვენაში გაიმართება „მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე“.

დღევანდელი მოლაპარაკებები ჟენევაში ომანის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა და ის მთელ დღეს გრძელდებოდა.

გამოცემა Axios-ის თანახმად, უიტკოფი და კუშნერი იმედგაცრუებული იყვნენ იმით, რაც ირანელებისგან მოისმინეს დილის სხდომაზე. თუმცა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იგივე გამოცემა იტყობინება, რომ, ამერიკელები მოლაპარაკებების შედეგებს დადებითად აფასებენ.

CNN-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ და სტივენ უიტკოფმა შუამავლების გარეშე გამართეს მოლაპარაკებები, მაგრამ ეს ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანს გარიგება სურს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის დარტყმები, მაგრამ თეირანს ჯერ არ უკისრია პასუხისმგებლობა, რომ არასოდეს შექმნის ბირთვულ იარაღს.

ასევე ნახეთ ირანის დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის
ასევე ნახეთ ტრამპმა კონგრესს მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ