ირანის სახელმწიფო მედიის ცნობაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება, რომ ირანის დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი ხელმძღვანელობს, თეირანიდან ჟენევაში გაემგზავრა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.
ამის ფონზე აშშ-მა ისლამურ რესპუბლიკაზე შესაძლო დარტყმების წინ ირანის გარშემო უზარმაზარი საზღვაო ძალები განალაგა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმების მისაღწევად დაახლოებით 10-15 დღეს აძლევს.
აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ხუთშაბათს ჟენევაში გაიმართება, და როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის დელეგაციას შეხვდებიან. ეს ბირთვულ პროგრამაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება, მათი წინა ორი შეხვედრა არაპირდაპირ ხასიათს ატარებდა და ომანის წარმომადგენლის შუამავლობით გაიმართა.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ იმედით უყურებს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს. ფეზეშქიანი ფიქრობს, რომ შეხვედრას შეუძლია ვაშინგტონთან ჩიხის დასრულებას შეუწყოს ხელი.
გერმანიამ მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს ბირთვული იარაღისკენ სწრაფვა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და შეწყვიტოს რეგიონის დესტაბილიზაცია, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 25 თებერვალს, ჟენევაში ახალი მოლაპარაკებების წინ.
„ჩვენ ველით, რომ ირანი გამოიყენებს შესაძლებლობას, კონსტრუქციულად ჩაერთოს (ჟენევის) მოლაპარაკებებში“, - თქვა წარმომადგენელმა.
ირანი უარყოფს, რომ მისი ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას ისახავს მიზნად და აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
შარშან ივნისში, “12-დღიანი ომის" დროს, ისრაელმა და აშშ-მა დაბომბეს ირანის ბირთვული ობიექტები და ისინი განადგურდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 ივნისს განაცხადა, რომ „ადგილი გაცამტვერებულია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ბირთვული იქ არის, არ ამოუღიათ“.
ფორუმი