პაკისტანმა დაარტყა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს და სხვა რაიონებს

პაკისტანის ჯარების შეტევის შედეგად დაჭრილი ქალები ავღანეთის ნანგაჰარის პროვინციის ქალაქ ჯელალაბადის საავადმყოფოში. 2026 წლის 27 თებერვალი

პაკისტანის არმიამ ავიაიერიში მიიტანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე. პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროს თანახმად, ქაბულის გარდა სამიზნეებს დაარტყეს პაქტიის და ყანდაარის პროვინციებში. ეს თალიბანის მთავრობამაც დაადასტურა. პაკისტანის ავიადარტყმამდე შეტაკებები იყო სასაზღვრო რაიონში.

მაშინ, როცა ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არმია ჰყავს, ავღანეთის თალიბანის რეჟიმის საბრძოლო რესურსი და შეიარაღება შეზღუდულია. ამასთან, თალიბანს პარტიზანული ომის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

  • პაკისტანსა და თალიბანის მთავრობას შორის ურთიერთობები რამდენიმე თვეა უკიდურესად გამწვავებულია. პაკისტანის ხელისუფლება ავღანეთის მმართველ რეჟიმს ადანაშაულებს მფარველობაში იმ შეიარაღებული დაჯგუფებების, რომლებიც პაკისტანში ტერაქტებს აწყობენ. თალიბანი ბრალდებას უარყოფს.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა 27 თებერვალს სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ თალიბანმა ავღანელი ხალხის დაცვისა და რეგიონში მშვიდობის ნაცვლად, თავის ხალხს ყველა უფლება წაართვა, ინდოეთის კოლონიად გადაიქცა, ქვეყანაში შეკრიბა ტერორისტები მთელი მსოფლიოდან და ტერორიზმის ექსპორტი დაიწყო.

ასიფის თანახმად, პაკისტანმა სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ძალისხმევას მიმართა როგორც პირდაპირ, ისე მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით, მაგრამ თალიბანისგან მიიღო აგრესია, რასაც პაკისტანის ძალები მტკიცედ პასუხობენ. „ახლა თქვენთან ღია ომი გვექნება“, - წერს პაკისტანის თავდაცვის მინისტრი.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანელი ხალხი არმიის გვერდითაა და მას ნებისმიერი აგრესიული ამბიციების განადგურება შეუძლია. შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხალხი და არმია ყოველთვის მზად არიან დაიცვან პაკისტანის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ასევე ნახეთ ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა

თალიბანის რეჟიმის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ქაბულზე, ყანდაარზე და სხვა პროვინციებზე პაკისტანის შეტევის შემდეგ ავღანეთის ძალებმა საპასუხო დარტყმები განახორციელეს პაკისტანელი სამხედროების პოზიციებზე.

ავღანური ტელეარხი TOLOnews-ი იუწყება, რომ ავღანეთის ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში პაკისტანის არმიის თვითმფრინავიც ჩამოაგდეს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად განადგურებულია თალიბანის 27 სამხედრო საგუშაგო, კიდევ 9 დაპყრობილია და განადგურებულია 80-ზე მეტი ტანკი და საარტილერიო დანადგარი. პაკისტანის მთავრობის თანახმად, საერთო ჯამში, მოკლულია 133 თალიბი და 200-ზე მეტი დაჭრილია.

თალიბანი ირწმუნება, რომ პაკისტანის ბოლო დარტყმის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ავღანეთზე პაკისტანის ავიადარტყმამდე, 26 თებერვალს სასაზღვრო რაიონში მოხდა შეტაკება, რომლის დაწყებაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. თალიბანის თანახმად, ამ დაპირისპირებისას გაანადგურეს 55 პაკისტანელი სამხედრო და ხელში ჩაიგდეს პაკისტანის 19 საგუშაგო და ორი ბაზა. პაკისტანის ხელისუფლებამ დანაკარგები უარყო.

რთულია როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება.

27 თებერვალს დილით თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ნანგაჰარის პროვინციაში მდებარე ბანაკს, სადაც პაკისტანიდან დაბრუნებული ავღანელები ცხოვრობენ. თალიბანის თანახმად, დაიჭრა შვიდი ქალი და ორი კაცი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა საერთაშორისო სამართლის, პირველ ყოვლისა ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვისკენ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა პაკისტანს და ავღანეთს მიმართა, დიალოგი დაიწყონ.

წინა მოვლენები

2025 წლის შემოდგომაზე პაკისტანმა ავღანეთს მოსთხოვა ზომების მიღება ისლამისტური დაჯგუფების, „პაკისტანელი თალიბების“ სახელით ცნობილი „ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ წინააღმდეგ.

ოქტომბერში ქაბულში მოხდა ორი აფეთქება, რომლებზეც თალიბანმა პასუხისმგებლობა პაკისტანს დააკისრა. აფეთქებების შემდეგ თალიბანმა სასაზღვრო რაიონში ცეცხლი გაუხსნა პაკისტანელ სამხედროებს, პაკისტანმა კი საპასუხო შეტევა განახორციელა მძიმე არტილერიის, ტანკების და დრონების გამოყენებით.

ამ შეტაკებების შემდეგ თალიბანმა განაცხადა, რომ დაიღუპა 9 ავღანელი და 58 პაკისტანელი ჯარისკაცი და ხელში ჩაიგდეს პაკისტანის 20 საგუშაგო. პაკისტანის მედია ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით წერდა, რომ დაიღუპა 23 პაკისტანელი ჯარისკაცი, განადგურებულია 200-ზე მეტი თალიბი და პაკისტანის არმიამ კონტროლი დაამყარა თალიბანის 19 სასაზღვრო საგუშაგოზე.

ქვეყნებს შორის 2611-კილომეტრიანი საზღვარი ცნობილია, როგორც დურანდის ხაზი, რომელსაც ავღანეთი ოფიციალურად არ აღიარებს.

2025 წლის შემოდგომაზე სასაზღვრო რაიონში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. ბევრმა ავღანელმა ეს რაიონი დატოვა და თავი უფრო უსაფრთხო ადგილებს შეაფარა.

ოქტომბრის მეორე ნახევარში პაკისტანი და თალიბანი თურქეთის და კატარის შუამავლობით დოჰაში გამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა შემდგომ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პროგრესი არ მოჰყოლია. 2026 წლის თებერვალში მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო.

ასევე ნახეთ ტრამპი ავღანეთს „ცუდი რაღაცებით“ ემუქრება, თუკი ბაგრამი აშშ-ს არ დაუბრუნდება
  • თალიბანმა, რომელიც არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ავღანეთზე კონტროლი პირველად 1996 წელს დაამყარა და ქვეყანა ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.
  • შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი თალიბანის რეჟიმი 2001 წელს დაამხო.
  • თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.