პასუხად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ისრაელის მიმართულებით გაუშვა დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების, მისი თქმით, "პირველი ტალღა".
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ხორციელდება გადატაცების ოპერაციები. შაბათს, დილით, ისრაელში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში, ირანის ტერიტორიიდან დრონების და რაკეტების გაშვების გამო. ჯერჯერობით არ ვრცელდება მონაცემები გაშვებული რაკეტების რაოდენობაზე ან სამიზნეებზე მათი მოხვედრის სიხშირეზე.
იემენის დედაქალაქზე კონტროლის მქონე პროირანული ჰუთების ჯგუფი "ანსარ ალლაც" აცხადებს, რომ ისრაელზე დარტყმებს განახორციელებს.
შაბათს განგაში გამოცხადდა ბაჰრეინშიც - სადაც მდებარეობს აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც, როგორც წერდნენ, ბაჰრეინშია გადაღებული და ასახავს შავი კვამლის სვეტს - საუბარია ირანის მხრიდან დარტყმის შესაძლო შედეგებზე. მოგვიანებით ბაჰრეინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები, რომელთა სამიზნე იყო აშშ-ის მეხუთე ფლოტის მომსახურების ცენტრი. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ ისრაელმა ირანს დაარტყადარტყმების საფრთხის შესახებ ასევე განაცხადეს კატარის, ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებებმა. კატარის მთავრობამ შემდეგ თქვა, რომ ჩამოგდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გაშვებული რაკეტები. ამ ქვეყანაში განთავსებულია რეგიონში უმსხვილესი ამერიკული ბაზა "ელ-უდეიდი".
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მისი მიზანია "ამერიკელი ხალხის დაცვა, ირანის რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხეების აღმოფხვრის გზით".
"ამ განცხადებას მარტივად არ ვაკეთებ. ირანის რეჟიმს ხოცვა სურს", - ამბობს ტრამპი.
"შესაძლოა დავკარგოთ გაბედული ამერიკელი გმირების სიცოცხლე, შესაძლოა გვქონდეს მსხვერპლი, რაც ხშირია ომის დროს - მაგრამ ჩვენ ამას აწმყოსთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ მომავლისთვის, და ეს ღირსეული მისიაა", - დასძენს ტრამპი.
ირანის მედია იუწყება აფეთქებებზე რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თეირანში, თავრიზში, ისპაანში, ყუმში, ლურესტანში. ვრცელდება ვიდეოჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც აჩვენებს კვამლის სულ მცირე ერთ დიდ სვეტს დედაქალაქის თავზე.
ტრამპი თეირანს ადანაშაულებს ბირთვული პროგრამის აღდგენის მცდელობაში, მას მერე, რაც აშშ-მა დაბომბა მნიშვნელოვანი ობიექტები ირანსა და ისრაელს შორის ივნისში მიმდინარე 12-დღიანი ომის დროს.
ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი მიმართავს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებს, სამხედროებს - დაყარონ იარაღი და მიიღებენ "სამართლიან მოპყრობასა" და „სრულ იმუნიტეტს“, წინააღმდეგ შემთხვევაში - მათ "უცილობელი სიკვდილი" ემუქრებათ.
ტრამპი მიმართავს ირანელებსაც - "დიდებულ, ამაყ ხალხს", რომ მათი თავისუფლების დრო დადგა, აშშ მათ რეალურად უჭერს მხარს და დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში, რადგან „გარეთ გასვლა სახიფათოა“ - „ბომბები ჩამოცვივდება ყველგან“.
ტრამპი ადანაშაულებს ირანს ათობით ათასი საკუთარი მოქალაქის მკვლელობაში.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის რაკეტები საფრთხეს წარმოადგენს როგორც აშშ-სთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის.
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი ირანში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე - "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“