ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას „უძლიერესი" დარტყმის განზრახვაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას საპასუხო დარტყმებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვვევაში მიიღებს „არნახული ძალის დარტყმას“.

ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 28 თებერვალს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დაიმუქრა, რომ პასუხი „უძლიერესი“ იქნება.

ამ განცხადების პასუხად პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 1 მარტს დაწერა, რომ ირანის განცხადებით, დღეს იქნება იმაზე უფრო ძლიერი დარტყმა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ამას არ გააკეთებენ, რადგან პასუხად მიიღებენ „აქამდე არნახული ძალის დარტყმას”.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ბევრ წევრს „გუშაგთა კორპუსიდან“, პოლიციიდან და უსაფრთხოების სხვა ძალებიდან ომი აღარ სურს, ამიტომ სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ იმუნიტეტით ისარგებლონ და სიკვდილს გადაურჩნენ, იმედია, ირანელ პატრიოტებს შეუერთდებიან და ერთად იმუშავებენ, რათა ქვეყანას დაუბრუნონ დიდებულება, რომელსაც იმსახურებს.

ასევე ნახეთ ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს ხამენეის სიკვდილს
ასევე ნახეთ ირანი ადასტურებს ხამენეის მრჩევლის და „გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის სიკვდილსაც

ტელეკომპანია Al Jazeera ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე“ დაყრდნობით დღეს, 1 მარტს იუწყება, რომ ირანის ძალებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს რეგიონში 27 ამერიკულ სამხედრო ბაზას და ისრაელის არმიის შტაბ-ბინას თელ-ავიივში, საავიაციო ბაზას და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ისრაელის თავდაცვის არმიამ 1 მარტს დაადასტურა ირანის მხრიდან მორიგი სარაკეტო შეტევა, რომელიც მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

ისრაელის არმიის ცნობითვე, დღეს ირანის დასავლეთსა და ცენტრში დაარტყეს კიდევ 30-ზე მეტ სამხედრო ობიექტს.

ასევე ნახეთ ტრამპის მიზანი ირანში: სტრატეგიული დამორჩილება თუ სისტემური კოლაფსი?
  • 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადეს ისლამური რესპუბლიკის „ტერორისტული რეჟიმი" და მისი სამხედრო ობიექტები.
  • პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.

ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 28 თებერვალს, ღამით დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა თელ-ავივში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს, დღის ბოლოს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ირანის 137 ბალისტიკური რაკეტა და 209 დრონი. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და კუვეიტში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის აეროპორტის მმართველი კომპანიის ცნობით, დრონით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. 28 თებერვალს აფეთქება იყო დუბაის ერთ-ერთ სასტუმროსთანაც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა.

  • ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისის ცნობით, 28 თებერვალს ირანში დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლაზე დარტყმის შედეგად. ამავე ოფისის ინფორმაციით, ირანში დაჭრილია 700-ზე მეტი ადამიანი.
  • ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
  • 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.

ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს 2025 წლის ივნისშიც. სამიზნედ გამოცხადებული იყო ირანის ბირთვული ობიექტები და იარაღის საცავები.

  • 2025 წლის ივნისის ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო არაერთი ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი.
  • ოპერაციის შედეგად ისრაელმა შესრულებულად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების მიზანი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
  • დასავლეთის მედია ამერიკული დაზვერვის წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია. ტრამპმა ამ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა.
  • 2025 წლის ივნისის ოპერაციის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებდა, რომ ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე „გაიმარჯვეს".