BBC-ს ცნობით, ირანის მედია ავრცელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებას, რომელიც ხამენეის სიკვდილს ოფიციალურად ადასტურებს და ბრალს აშშ-ს და ისრაელს აკისრებს. განცხადებაში ლაპარაკი არ არის ხამენეის შესაძლო შემცვლელზე. ხამენეის "მოწამეობა" იქნება დასაწყისი "მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამბოხებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე Reuters-ი ასევე ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმებისას დაიღუპნენ ხამენეის ქალიშვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.
ხამენეის სიკვდილზე ცნობები შაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში ვრცელდებოდა, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. თუმცა ირანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ირანის ხელმძღვანელობის შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილები.
ალი ხამენეი 1939 წელს დაიბადა ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მეშჰედში, რელიგიის სწავლულის ოჯახში. ის 1962 წელს შეუერთდა აიათოლა ხომეინის რელიგიური წინააღმდეგობის მოძრაობას.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ალი ხამენეი გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მონაწილეობა მიიღო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფორმირებაში.
როცა ხომეინი 1989 წლის ივნისში გარდაიცვალა, სასულიერო პირების საბჭომ ალი ხამენეი აირჩია ახალ უზენაეს ლიდერად. მაშინ კონსტიტუცია შეცვალეს, რადგან ხამენეის შიიტ სასულიერო პირებს შორის მოპოვებული არ ჰქონდა საამისოდ აუცილებელი რანგი.
ხამენეიმ დიდი როლი შეასრულა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ირანი გადააქცია მნიშვნელოვან ანტიამერიკულ ძალად, ქვეყნის სამხედრო გავლენა განავრცო ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით და სასტიკი რეპრესიებით უპასუხებდა ქვეყნის შიგნით გაჩენილ საპროტესტო მოძრაობებს.
ხამენეი 86 წლის იყო, მას ექვსი შვილი ჰყავდა. მისი მმართველობის განმავლობაში ირანში შვიდმა პრეზიდენტმა იმსახურა.
ფორუმი