ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აშშ-სა და ისრაელს ემუქრება. სააგენტო "ფარსი": მოკლეს პოლიციის დაზვერვის უფროსი

მორწმუნეებმა ქალაქ სრინაგარში საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ. 1 მარტი, 2026 წელი

ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ, 1 მარტს გამოსვლისას პირობა დადო, რომ ირანი ისეთი ძალით დაარტყამს აშშ-სა და ისრაელს, როგორიც დღემდე არ უნახავთ - მათი თავდასხმის საპასუხოდ, რასაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი ემსხვერპლა.

“გუშინ ირანმა რაკეტები დაუშინა აშშ-სა და ისრაელს და ზიანი მიაყენა. დღეს ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც მათ აქამდე არასდროს განუცდიათ“, - თქვა ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება 1 მარტს, ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების დროს დაიღუპა ირანის პოლიციის დაზვერვის უფროსი ღოლამრეზა რეზაიანი.

„ეროვნული პოლიციის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ღოლამრეზა რეზაიანი, მტრის გუშინდელი (შაბათის) თავდასხმების შემდეგ დაიღუპა“, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად.

ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების დროს მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ალი შამხანი და შეიარაღებული ძალების „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური მოჰამად ფაქფური.

შამხანი უზენაესი ლიდერის, ასევე სამხედრო ოპერაციის შედეგად 28 თებერვალს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მასთან ერთად დაიხოცნენ ხამენეის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილიც.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას საპასუხო დარტყმებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს „არნახული ძალის დარტყმას“.

ასევე ნახეთ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპა აიათოლა ალი ხამენეი