ტრამპი: შურს ვიძიებთ სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა” დონალდ ტრამპმა 1 მარტს თავის ვიდეომიმართვაში პირობა დადო, რომ შურს იძიებს ირანის წინააღმდეგ ომის დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და აღიარა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, მეტი იქნება.

„სამწუხაროდ, მის დასრულებამდე, სავარაუდოდ, მეტი იქნება… ამერიკა შურს იძიებს მათი სიკვდილისთვის…" - თქვა ტრამპმა, რომელმაც მოუწოდა ირანელებს, აჯანყდნენ ისლამური რესპუბლიკის დასამხობად, ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების დროს მოკლეს უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ ეს მომენტი, გამოიჩინონ სიმამაცე, თამამად, გმირულად და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა“, - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის უსაფრთხოების ძალები, რომ დანებდნენ, ან მათ სიკვდილი ელით. მანამდე აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ელიტური რევოლუციური გვარდიის შტაბ-ბინა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციური გვარდიის წევრებს, ირანის სამხედროებსა და პოლიციას, დაყარონ იარაღი და მიიღონ სრული იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებიან. ეს იქნება გარდაუვალი სიკვდილი. ეს არ იქნება კარგი“, - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

დონალდ ტრამპმა 1 მარტს ასევე გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია 4 კვირას გასტანს.

„ეს ყოველთვის ოთხკვირიანი პროცესი იყო. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდებოდა“, - განუცხადა მან ბრიტანულ გაზეთ Daily Mail-ს. - „რაც უნდა ძლიერი იყოს, დიდი ქვეყანაა, მას ოთხი კვირა - ან ნაკლები დასჭირდება“.

ასევე ნახეთ ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას „სრული დატვირთვით“ მისიის შესრულებამდე