ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე შეუტია ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელის არმიის სარდლობამ დარტყმის შესახებ დღეს, 2 მარტს განაცხადა.
მანამდე, 1 მარტს საღამოს ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევა მიიტანა, როგორც თავად განაცხადა, რაკეტებით და დრონებით. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა შურისძიება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის.
ისრაელის თავდაცვის არმიამ საპასუხო დარტყმის შემდეგ განაცხადა, რომ ჰეზბოლა ანგრევს ლიბანის სახელმწიფოს, ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და არ მისცემს ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.
ასევე ნახეთ ირანის სულიერი ლიდერი მკვდარია. ვინ იქნება მისი მემკვიდრე? საქმე არც ისე მარტივადააგანახლება: ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე შეტევის შესახებ პირველი განცხადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანში დაარტყეს ჰეზბოლას ათეულობით ობიექტს, მათ შორს დაჯგუფების შტაბ-ბინას, ბეირუთის რაიონში ჰეზბოლას მაღალი რანგის „ტერორისტებს“, ხოლო ლიბანის სამხრეთში - დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს.
ტელეკომპანია Al-Arabiya-ს ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთზე ისრაელის დარტყმების შედეგად სულ მცირე ათ დაღუპულს შორისაა ლიბანის პარლამენტში ჰეზბოლას პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენელი მოჰამად რაადი.
ისრაელის არმიის თანახმად, შეტევა განხორციელდა ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის ჩრდილოეთზე სარაკეტო შეტევის პასუხად. ისრაელის მტკიცებით, რამდენიმე რაკეტა ღია ადგილზე ჩამოვარდა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ყოფილა.
თავის მხრივ, ჰეზბოლა ირწმუნება, რომ მისი სამიზნე იყო საჰაერო თავდაცვის ობიექტი, რომელიც ისრაელის ქალაქ ხაიფასთან სამხრეთით მდებარეობს.
ლიბანის ხელისუფლებამ, რომელიც წლებია ჰეზბოლას განიარაღებას ცდილობს, დაგმო ლიბანზე ისრაელის სარაკეტო დარტყმები. ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ომის პლატფორმად ლიბანის გამოყენება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
განახლება: ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა 31 და დაიჭრა 149 ადამიანი.
ასევე ნახეთ კვიპროსის სამხრეთში, ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყოგამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა რაფი მილომ განაცხადა, რომ ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმები გაძლიერდება, ისრაელის ჩრდილოეთში და ლიბანთან საზღვრის გასწვრივ ისრაელის ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერეს და ამ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.
ისრაელმა ლიბანის 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მცხოვრებთ მოუწოდა, მათივე უსაფრთხოების გამო სახლები დატოვონ და სულ მცირე ერთი კილომეტრის მანძილზე, ღია ადგილებში გადავიდნენ.
ისრაელმა ამ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი სოციალური ქსელებით არაბულ ენაზე გაავრცელა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ჰეზბოლას წევრების და ობიექტების მახლობლად იმყოფება, თავის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ლიბანელები ბეირუთის სამხრეთში ჰეზბოლას ობიექტებზე ისრაელის დარტყმების შემდეგ ტერიტორიას ავტომანქანებით ტოვებენ. 2026 წლის 2 მარტი
- ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.