ხანძარი გამთენიისას ლიკვიდირებული იყო. ბანკის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დილით „ლიბერთის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში, ხანძარი ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი.
ბანკის ინფორმაციით, ეს სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. „ლიბერთიში” აცხადებენ, რომ ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ლიბერთის" შენობის ერთ-ერთ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი და სავარაუდოდ, ამ აპარატიდან „წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა“. თუმცა, სამინისტროს თანახმად, „მუშაობენ ხანძრის გამომწვევ ყველა სხვა შესაძლო ვერსიაზე“.
ასევე ნახეთ "უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ" - "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" აღარ ყიდულობს- ბანკ „ლიბერთის“ ერთ-ერთი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა. 2026 წლის თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მან გაყიდა პროსახელისუფლებო პოზიციის მქონე ტელეკომპანია „იმედი". 24 თებერვალს „იმედს" სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.