შსს-ს თანახმად, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი.
„სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა“, - აცხადებს სამინისტრო.
თუმცა შსს ასევე აცხადებს, რომ სამართალდამცავები „მუშაობენ ხანძრის გამომწვევ ყველა სხვა შესაძლო ვერსიაზე“ და „ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა“.
რა დაზიანდა
ხანძარი 3 მარტს, გამთენიისას გაჩნდა ბანკ „ლიბერთის“ სათავო ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
ცეცხლი შენობის ერთ მხარეს, რამდენიმე სართულის სიმაღლეზე იყო მოდებული.
ბანკიც და შსს-ც აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დილით „ლიბერთის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც:
- ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში,
- ხანძარი ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და
- შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში.
დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, - რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ლიბერთიში” აცხადებენ, რომ ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
ბანკ „ლიბერთის“ ერთ-ერთი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა.
2026 წლის თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მან გაყიდა პროსახელისუფლებო პოზიციის მქონე ტელეკომპანია „იმედი".
2026 წლის 24 თებერვალს „იმედს" სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.
ფორუმი