მხოლოდ წელს - 2026-2027 სასწავლო წელს - პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ დღეს, 3 მარტს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველია "მშობელთა საუკეთესო ინტერესების" და "მოქალაქეთა აზრის" გათვალისწინება.
"ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დაგეგმილი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მომდევნო წლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.
მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, "ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას".
ასევე ნახეთ ერთით ნაკლები წელი სკოლაში, ორით უნივერსიტეტში - ყველაფერი, რაც ამაზე უნდა იცოდეთ"ოცნების" ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით:
- ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან;
- სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენებას აუკრძალავენ, ხოლო პირველ-მეექვსე კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმები დაბრუნდება;
- XII კლასი ნებაყოფლობითი გახდება, ხოლო მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა.