Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა “ზოგადი განათლებისა” და “უმაღლესი განათლების” კანონების ცვლილებები

ცვლილებათა ნაწილი ამოქმედდება ყაველაშვილის ხელმოწერისა და “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებათა ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან და 2027 წლის პირველი სექტემბრიდან.
ცვლილებათა ნაწილი ამოქმედდება ყაველაშვილის ხელმოწერისა და “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებათა ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან და 2027 წლის პირველი სექტემბრიდან.

სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “ზოგადი განათლების” და 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ, “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონებში შესატან ცვლილებებს.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად:

  • სკოლებში სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 12 კლასის ნაცვლად ხდება 11-წლიანი. სასწავლო ციკლი კი ასე გადანაწილდება - დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები, ასევე ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
  • სკოლაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
  • გაუქმდა სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.
  • სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.
  • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.
  • მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ცვლილებათა ნაწილი ამოქმედდება ყაველაშვილის ხელმოწერისა და “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებათა ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან და 2027 წლის პირველი სექტემბრიდან.

რაც შეეხება “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს:

ის მოიცავს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.

კანონს ემატება ახალი მუხლები, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.

მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ამ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო - დროებითი მმართველი საბჭო შექმნას, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება გადაეცემა.

კანონპროექტის მიხედვით, ეს უფლებამოსილება დროებითი და მიზნობრივია, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, მილევად რეჟიმში - კონკრეტული ვადით ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება. აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ვადით გააგრძელონ. აღნიშნული საკითხი პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღებული კანონიდან გამომდინარეობს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ენიჭებათ.

ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.

წამყვანი პროფესორი, მინისტრის განმარტებით შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.

ცვლილებებით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - ის შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

უქმდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა და მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება.

განათლების რეფორმა აკადემიურმა წრეებმა და განათლების მკვლევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს, მათ დაგეგმილ ცვლილებებში არაერთი საფრთხე და ნაკლოვანება დაინახეს. ისინი თვლიან, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, რეფორმა და ცვლილებები, შესაძლოა, იქცეს საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ჩამოშორების წინაპირობად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG