ისრაელმა მორიგი შეტევა მიიტანა ირანზე, ირანმა - ამერიკულ ბაზაზე კატარში

ირანის ძალებმა კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზას 28 თებერვალსაც შეუტიეს

ისრაელის თავდაცვის არმიამ 4 მარტს დილით გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყა კიდევ ათეულობით სამეთაურო ცენტრს, მათ შორის თეირანში, გასამხედროებული ფორმირების, „ბასიჯის" შტაბ-ბინას, სახმელეთო ძალების ლოგისტიკის სამმართველოს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს.

ისრაელის არმიის ცნობითვე, თეირანში ჩამოაგდეს ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი იაკ-130. ისრაელის თავდაცვის არმიის თანახმად, დღეს მორიგი იერიში მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის ძალებმა კატარში დაარტყეს ამერიკულ სამხედრო ბაზას.

კატარის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტს დაადასტურა, რომ გასულ ღამით ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია ალ-უდეიდის ბაზას. ეს რეგიონში აშშ-ის უმსხვილესი საავიაციო ბაზაა.

კატარის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთი რაკეტა მოიგერიეს, მეორე კი ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კატარის თავდაცვის სამინისტროს ზიანის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.

4 მარტს კატარის ხელისუფლებამ ისიც განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ორი ჯაშუშური ქსელი და 10 ადამიანია დაკავებული.

გასულ ღამით ირანის ძალებმა დრონებით შეუტიეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის იმ რაიონს, სადაც აშშ-ის საკონსულოა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საკონსულოს მახლობლად გაჩნდა ხანძარი, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.

კუვეიტის ჯანდაცვის ინფორმაციით, 11 წლის გოგო დაიღუპა და მისი ოჯახის ოთხი წევრი დაშავდა ელ-კუვეიტის საცხოვრებელ რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად.

ასევე ნახეთ CENTCOM: ირანში ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია 2000-მდე სამიზნე
  • ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.