უკრაინისა და უნგრეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ბოლო ხანს გამწვავებულია მილსადენ „დრუჟბით" უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტისა და ბუდაპეშტის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის 90-მილიარდიანი კრედიტის დაბლოკვის გამო.
ვინ დააკავა უნგრეთმა
უკრაინის სახელმწიფო შემნახველმა ბანკმა, Ощадбанк-მა 6 მარტს განაცხადა, რომ ინკასატორთა სამსახურის ორი ავტომობილი და ინკასაციის ბრიგადის 7 თანამშრომელი უნგრეთში 5 მარტს დააკავეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რადგან მათ ვალუტა და ოქრო გადაზიდვების საერთაშორისო წესებისა და ევროპის საბაჟო პროცედურების დაცვით გადაჰქონდათ.
ბანკის თანახმად, ბრიგადას, რომელსაც უცხოური ვალუტა და საბანკო მეტალები რეგულარულად გადააქვს ავსტრიის Raiffeisen Bank-სა და Ощадбанк-ს შორის, ამჯერად, მოჰქონდა 40 მილიონი აშშ დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქრო.
უკრაინის სახელმწიფო ბანკმა უნგრეთისგან მოითხოვა თანამშრომლებისა და ქონების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და უკრაინაში დაბრუნება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ ბუდაპეშტში „მძევლად აიყვანა“ უკრაინის 7 მოქალაქე და უკრაინის „ფული მოიპარა", რაც „სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტია".
ასევე ნახეთ უკრაინამ უნგრეთი დაადანაშაულა 7 მოქალაქის „მძევლად აყვანასა“ და „ფულის მოპარვაში“რა თქვა უნგრეთმა
უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა 6 მარტს განაცხადა, რომ საქმე ეხება ფულის სავარაუდო გათეთრებას და ეჭვმიტანილებს შორისაა უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი გენერალი, რომელიც ფულის გადატანის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურის თანახმად, მხოლოდ 2026 წლის დასაწყისიდან უნგრეთის გავლით უკრაინაში გადაიტანეს 900-ს მილიონ აშშ დოლარზე მეტი, 420 მილიონი ევრო და 146 კილოგრამი ოქრო.
ეს მონაცემები გაიმეორა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ. უნგრეთის სახელმწიფო სააგენტო MTI-ს ცნობით, სიიარტო დაინტერესდა, რატომ გადააქვთ უკრაინელებს დიდი ოდენობით ნაღდი ფული და თუ რეალურად ბანკებს შორის ტრანზაქციაზეა საუბარი, რატომ არ ხდება გადარიცხვა და რა საჭიროა ნაღდი ფულის ტრანსპორტირება უნგრეთის გავლით. სიიარტოს თქმით, ტრანსპორტირებას ახორციელებენ უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირის მქონე პირები, ამიტომ ბუდაპეშტს აინტერესებს, ვისია ეს ფული და რისთვის გამოიყენება.
უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის გავლით დიდი ოდენობით თანხისა და ოქროს გადატანას ხელმძღვანელობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი გენერალი, მისი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი და მათ დახმარებას უწევდენენ სამხედრო გამოცდილების მქონე პირები. კოვაჩის თანახმად, შვიდივეს უნგრეთიდან გააძევებენ.
ზოგადად, ბანკების უსაფრთხოებისა და ინკასაციის სამსახურებში ხშირად საქმიანობენ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები.
უკრაინის პასუხი
უკრაინის სახელმწიფო შემნახველმა ბანკმა(Ощадбанк) განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უცხოური ვალუტისა და ძვირფასი მეტალების გადატანა ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, მსგავს რეისებს ბანკის ინკასატორთა ავტომანქანები ყოველკვირეულად ასრულებენ და ბანკს აქვს საერთაშორისო გადაზიდვების შესაბამისი ლიცენზია.
ბანკის განცხადებით, უნგრეთში უკანონოდ დაკავებულ თანამშრომლებს Ощадбанк-ში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ - 3-4 წლიდან 17-21 წლამდე, ავტომანქანებში დაცული ფასეულობები კი უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის საკუთრებაა და ავსტრიიდან მოდიოდა უკრაინის საფინანსო ბაზრისთვის.
უნგრეთში უკრაინის მოქალაქეებისა და სახელმწიფო ბანკის ავტომანქანების დაკავების გამო უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო ადამიანის გატაცების და მძევლად აყვანის მუხლებით და შესაბამისი მიმართვები გაუგზავნა უნგრეთის საბაჟო-საგადასახადო სამსახურს და ევროპოლს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა, თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან და ტრანზიტისთვისაც სხვა მარშრუტები აირჩიონ, რადგან მათი უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება უნგრეთის ხელისუფლების „თვითნებური მოქმედებების ფონზე“.
ასევე ნახეთ უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტს „ღია მუქარაში" ადანაშაულებს- უნგრეთში უკრაინის 7 მოქალაქის და სახელმიწფო ბანკის ავტომანქანების დაკავებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უნგრეთის მთავრობამ „ღია მუქარად“ შეაფასა.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე, არმიის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედია, ევროკავშირში „ერთი პირი“ აღარ დაბლოკავს 90-მილიარდიან კრედიტს და უკრაინელ მეომრებს იარაღი ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ამ პირის მისამართს მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ბიჭებს, დაურეკონ და თავიანთ ენაზე დაელაპარაკონ“.
- ზელენსკი გულისხმობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რადგან 90 მილიარდი ევრო ბუდაპეშტს აქვს დაბლოკილი.
- უნგრეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ „ზელენსკის მხრიდან მუქარა და შანტაჟი ყველა დასაშვებ ზღვარს გასცდა" და ეს უკვე „ღია მუქარაა“.
- ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობები და უარი არ თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე, რაც უნგრეთის მოქალაქეების ინტერესებით ახსნეს.
ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას.
უკრაინა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შეძენას განაგრძობენ, დიდი ხანია მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ძირითად წყაროზე.
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.
კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. მათ კიევმა მიუთითა, რომ პრეტენზიების ადრესატი კრემლია.
- „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად 23 თებერვალს დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი. ბუდაპეშტმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გადახედავს მას შემდეგ, რაც განახლდება უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი.
2 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, „დრუჟბის“ მუშაობის განახლებისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპასუხო კომენტარი იყო, რომ სატელიტური ფოტოებით ყველა დეტალის გარკვევა შეუძლებელია.
5 მარტს ზელენსკიმ ივარაუდა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება. იმავე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნავთობ-ბლოკადას „ძალით გაარღვევენ" და „დრუჟბა" უნგრეთის ენერგეტიკას ისევ მოამარაგებს.