Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უნგრეთი დაადანაშაულა 7 მოქალაქის „მძევლად აყვანასა“ და „ფულის მოპარვაში“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა

უნგრეთში დააკავეს უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის, Ощадбанк-ის ინკასატორთა სამსახურის ორი ავტომობილი და ინკასაციის ბრიგადის 7 თანამშრომელი. ინფორმაცია 5 მარტს მომხდარი ინციდენტის შესახებ ბანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

  • ბანკის თანახმად, ავტომობილებში მილიონობით უცხოური ვალუტა და ცხრა კილოგრამი ოქროა.
  • კიევმა ბუდაპეშტი დაადანაშაულა „სახელმწიფო ტერორიზმსა და რეკეტში".
  • უკრაინისა და უნგრეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ბოლო ხანს გამწვავებულია მილსადენ „დრუჟბით" უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო.

უკრაინის სახელმწიფო ბანკის განცხადებით, ბრიგადა, რომელსაც უცხოური ვალუტა და საბანკო მეტალები რეგულარულად გადააქვს ავსტრიის Raiffeisen Bank-სა და Ощадбанк-ს შორის, უნგრეთში „უსაფუძვლოდ დააკავეს“.

უკრაინული ბანკის ინფორმაციით, GPS-სიგნალის მიხედვით, ავტომობილები ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის მახლობლად იმყოფებიან, თანამშრომლების ადგილსამყოფელი კი უცნობია.

  • Ощадбанк-ის განცხადებით, ავტომობილებში 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქროა და ეს ტვირთი გაფორმებული იყო გადაზიდვების საერთაშორისო წესებისა და ევროპის საბაჟო პროცედურების დაცვით.

უკრაინის სახელმწიფო ბანკი უნგრეთისგან მოითხოვს თანამშრომლებისა და ქონების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და უკრაინაში დაბრუნებას.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დღეს, 6 მარტს წერს, რომ ბანკის ავტომანქანები უნგრეთის ანტიტერორისტული ცენტრის დახურულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

უნგრეთის ოფიციალურ სტრუქტურებს უკრაინის სახელმწიფო ბანკის ავტომობილებისა და ინკასატორების დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ ბუდაპეშტში „მძევლად აიყვანა“ უკრაინის 7 მოქალაქე, რომელთა მდგომარეობა უცნობია. სიბიჰამ უნგრეთი დაადანაშაულა „ფულის მოპარვაშიც“.

„თუ ეს არის ძალა, რომლის შესახებაც ბატონმა ორბანმა გამოაცხადა, ეს კრიმინალური ბანდის ძალაა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

5 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნავთობ-ბლოკადას „ძალით გაარღვევენ" და „დრუჟბა" უნგრეთის ენერგეტიკას ისევ მოამარაგებს.

მინისტრ სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინამ უნგრეთს გაუგზავნა ოფიციალური ნოტა თავისი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. კიევი ევროკავშირს მიმართავს უნგრეთის უკანონო მოქმედებების შესაფასებლად.

  • ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობები და უარი არ თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე, რაც უნგრეთის მოქალაქეების ინტერესებით ახსნეს.

ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.

კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

უკრაინა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შეძენას განაგრძობენ, დიდი ხანია მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ძირითად წყაროზე.

  • უნგრეთმა უკრაინის მიმართ პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი, მათ შორის დაფინანსების პრობლემის გამო, საბოლოოდ მხარი დაუჭირა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების 19 პაკეტს.
  • „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად 23 თებერვალს დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი. ბუდაპეშტმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გადახედავს მას შემდეგ, რაც განახლდება უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი.

2 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, „დრუჟბის“ მუშაობის განახლებისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპასუხო კომენტარი იყო, რომ სატელიტური ფოტოებით ყველა დეტალის გარკვევა შეუძლებელია.

5 მარტს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება.

„დრუჟბა“ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემაა. რუსეთიდან მილსადენის ერთი, ჩრდილოეთის მონაკვეთი გადის ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე, ხოლო სამხრეთის - უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და ხორვატიის.




ფორუმი

XS
SM
MD
LG