შვიდი ადამიანი დაიღუპა ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად

ხარკოვი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, 2026 წლის 7 მარტი

შვიდი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 15 პირი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 მარტს, გამთენიისას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ბალისტიკური რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს.

დაღუპულებს შორის არიან ორი ბავშვი და 65 წლის ქალი. ოთხი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 11 წლის ბიჭი. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში მუშაობას, ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იყვნენ ადამიანები.

სარაკეტო დარტყმების შედეგად საერთო ჯამში 19 მაღალსართულიანი სახლი დაზიანდა ხარკოვის კიევის რაიონში. დაზიანებულია სკოლის შენობა და სავაჭრო პავილიონები.

გარდა ამისა, შაბათს, გამთენიისას რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევზეც. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამ რაიონში იპოვნეს ჩამოვარდნილი რაკეტების ნამსხვრევები. დაშავებულები არ არიან.

ოდესის ოლქში რუსეთის დრონებმა დაარტყეს ინფრასტრუქტურის ობიექტებს, გაჩნდა ხანძრები - იუწყება ურაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური.

ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, დაიჭრა სამი თვის გოგო.

უკრაინის რკინიგზის კომპანია აცხადებს, რომ მასშტაბური თავდასხმების გამო როვენსკის, ვინიცისა და ჟიტომირის ოლქებში ბევრ მატარებელს მარშრუტის შეცვლა მოუწია.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 509 რაკეტა და დრონი, მათგან 472 ჩამოაგდეს. 22 ადგილას აღირიცხა ცხრა რაკეტისა და 26 დრონის მოხვედრა.

7 მარტს, დილით, რუსეთმა ავიაბომბი ჩამოაგდო უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრში, დაიჭრა სულ მცირე ექვსი ადამიანი, სამი მათგანი ბავშვია - იუწყება ოლქის ადმინისტრაცია.

ასევე ნახეთ ზელენსკი: აშშ-მა უკრაინას ახლო აღმოსავლეთში დრონების დაცვის საკითხში დახმარება სთხოვა