Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: აშშ-მა უკრაინას ახლო აღმოსავლეთში დრონების დაცვის საკითხში დახმარება სთხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი
ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება სთხოვა ახლო აღმოსავლეთში ირანის დრონების თავდასხმების მოსაგერიებლად და დასძინა, რომ მან განკარგულება გასცა ექსპერტების მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 მარტს Reuters-ს განუცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნისგან დახმარებას მიიღებს, როდესაც მას უკრაინისგან ირანული დრონებისგან თავდაცვის მხარდაჭერის შეთავაზების შესახებ ჰკითხეს.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნისგან ნებისმიერ დახმარებას მივიღებ“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.

რუსეთის შეჭრის მანძილზე, რომელიც ოთხი წელია გრძელდება, კიევმა შეიმუშავა დრონების იაფი და ეფექტიანი სხვადასხვა გადამტაცი - საჰაერო აპარატები, რომლებიც შექმნილია შემომავალი საიერიშო დრონების ჰაერში გასანადგურებლად - და რომლებიც, მისი თქმით, მსოფლიოში წამყვანი გადამტაცებია.

სამშაბათს, ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებს შესთავაზა საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი რაკეტის გაცვლა ამ გადამტაცებში, რომლებიც, მისი თქმით, უკეთ დაიცავდა მათ ირანის დრონების თავდასხმებისგან.



„ჩვენ მივიღეთ შეერთებული შტატებისგან თხოვნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ“, - დაადასტურა ზელენსკიმ ხუთშაბათს X-ზე და იგულისხმა ირანული წარმოშობის დრონები, რომლებსაც რუსეთიც იყენებდა, სანამ საკუთარ წარმოებას გამართავდა.

უკრაინა თითქმის ყოველდღიურად აწყდება ასეთი დრონების დარტყმებს, რომლებიც რუსეთიდან არის გამოშვებული და რომელთა სამიზნეებია საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მისი ენერგეტიკულ ობიექტები.


ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ირანში ომის გამო - თუ ის ხანგრძლივი აღმოჩნდება - შესაძლოა შემცირდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მისი დასავლელი მოკავშირეებისგან. კერძოდ, მას ადარდებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შემცირება, რომლებიც მას რუსული რაკეტებისგან თავის დასაცავად სჭირდება. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინას უკვე განიცადა აშშ-ში წარმოებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი. ეს ერთადერთი ეფექტიანი იარაღია მის არსენალში რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად.




„მე გავეცი მითითებები საჭირო საშუალებების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ იყვნენ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - დასძინა მან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG