სუსში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება), სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კითხვები იმ კვლევასთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი სწორედ ის არის.
მისი თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ დაემთხვა კვლევის გამოქვეყნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
„ფაქტია, რომ პრობლემაა. საქართველოს აქვს დიდი პრობლემა. ეს პრობლემა, უბრალოდ, ახლა უფრო ხილული გახდა. როცა ეს, ალ მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც არის ტერორიზმის გამო სანქცირებული, აი, მაგალითად, ალ მუსტაფას უნივერსიტეტში მუშაობს ხალხი, ვინც ინტერპოლის წითელი ცირკულარზე არიან... მაგრამ აქედან ხომ მიდიან სტუდენტები იქ? მერე რას სწავლობენ, რას უდებენ თავში? ვიცით, რაც არის ირანის ისლამური რესპუბლიკის გაცხადებული პოლიტიკა, იმას უდებენ.
ფაქტია, რომ ეს არის ძალიან შორს წასული, ფაქტია, რომ ამ ამბებში არის ჩაბმული, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე და თუკი ამ კვლევის შემდეგ უფრო ექნება რეაგირება სახელმწიფოს და რამე მაინც გაკეთდება, რომ ეს საფრთხე შემცირდეს, მაშინ მისასალმებელია“.
ასევე ნახეთ “სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?„ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ, 3 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის თანაავტორიცაა გიორგი კანდელაკი, წერია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
ავტორების თქმით,„თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, „შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.
„ეს აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლეთის გავლენას და აძლიერებს რეჟიმს, რომელიც ერთგულია 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის ექსპორტისა“, - წერია კვლევაში.
ასევე ნახეთ „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს:
- თინა ხიდაშელი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი;
- ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- გიორგი კანდელაკი 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი;
- გივი თარგამაძე, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი.
- ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე (გამოკითხვაზე მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია 8 მარტს გავრცელდა).
გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 7 მარტს გამოიკითა. 8 მარტს გამოკითხა სუსმა თინა ხიდაშელი.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, ის საქართველოში არ იმყოფება. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს ან წერილობით ან დაბრუნებისას უპასუხოს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დატოვებისას პრობაციის ბიუროს უფროსის ხელმოწერილი დოკუმენტი წარადგინა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა.
გივი თარგამაძემ საპატიმრო 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ახლახან, 2026 წლის 26 იანვარს დატოვა. სასამართლომ მას პატიმრობა და 2 წლით სახელმწიფო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიუსაჯა.