რუსეთის ჯარებმა უკრაინას ისევ დრონებით დაარტყეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 10 მარტს გაავრცელა ქალაქ დნეპრზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლის ფოტო

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხარკოვსა და დნეპრში დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია სახლები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლქსანდრ განჟას ტელეგრამ-არხზე 10 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპრში დაიჭრა 10 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი და ბანკის შენობა.

ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის 10 წლის გოგო. ქალაქ ხარკოვის ხოლოდნოგორსკის რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ისევ შეუტიეს უკრაინის ენერგოობიექტებს. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების რაიონების ნაწილს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 137 უპილოტო საფრენი აპარატით. კიევის დროით 08:00 საათისთვის დადასტურებული იყო 122 რუსული დრონის მოგერიება და 12-ით პირდაპირი დარტყმა ათ ადგილზე.

ასევე ნახეთ ტრამპი: სიტუაციის სტაბილიზაციამდე ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოვუხსნით ზოგიერთ ქვეყანას
  • უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის მონაწილეობით 2026 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყეს სამმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე.
  • იანვარ-თებერვალში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბისა და შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა მოლაპარაკების სამი რაუნდი.
  • წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკება მარტის დასაწყისში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.