11 მარტს ომბუდსმენის აპარატის გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა „პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა“ შალვა პაპუაშვილს.
- მანამდე, 2026 წლის თებერვალში, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პატიმრების დიდ ნაწილს - მათ შორის დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს - არ აქვს გარე სამყაროსთან კავშირის საშუალება;
- მათ მხოლოდ ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან კომუნიკაცია შეუძლიათ; მათ არ აქვთ არც მცირეწლოვან შვილებთან შეხვედრის უფლებაც.
„განისაზღვროს წესი“ - ომბუდსმენის ინიციატივა
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამჟამად არსებული კანონმდებლობით, გამომძიებელს/პროკურორს შეუძლიათ ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის (პაემნის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდა.
„პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს“, - წერს ომბუდსმენი.
„სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით“, - წერია განცხადებაში.
შესაბამისად, მისი მოსაზრებით, „კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, - ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად“.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უნდა განისაზღვროს კონკრეტული წესი.
ამ წესის თანახმად, ომბუდსმენის თანახმად, „საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი“.
იოსელიანის ვიზიტი ციხეში
ლევან იოსელიანმა 4 თებერვალს, - რუსთავის მე-12 ციხეში პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მონახულების შემდეგ, - განაცხადა, რომ მათ უმრავლესობას, სხვა არაერთი ბრალდებულის მსგავსად, არ აქვს გარე სამყაროსთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
მან მოინახულა:
- ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები;
- სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
- ენმ-ის ყოფილი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, - რომელიც 4 ოქტომბრამდე დააკავეს;
- ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი;
- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მსგავსი პრობლემა აქვს ალეკო ელისაშვილსაც - მან ამის შესახებ 10 მარტს ისაუბრა სასამართლო სხდომაზე.
ასევე ნახეთ ბრალდებული ელისაშვილი, რომელიც უფლებების დარღვევაზე ჩივის, პატიმრობაში დატოვესიოსელიანის თქმით, აღნიშნული პრობლემა თავდაპირველად დაინახეს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში:
„აქციაც მოაწყვეს ოჯახის წევრებმა, შევხვდი მის დედას და მეუღლეს, ამის შემდეგ დავინტერესდით ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს“, - თქვა მან.
„აქ საუბარია იმაზე, რომ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, მათ აკრძალული აქვთ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, გარდა ადვოკატისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა“, - განაცხადა იოსელიანმა.
„მათ არ აქვთ საშუალება, კომუნიკაცია ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან, [რაც] განსაკუთრებით [რთულია], როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან შვილებს“, - დასძინა იოსელიანმა.
ასევე ნახეთ გარესამყაროსთან კონტაქტი აკრძალული აქვთ ბრალდებულ პოლიტიკოსებს, მათ შორის „ოცნების“ ყოფილ ლიდერებს - ომბუდსმენი