„აქ საუბარი არის ბრალდებულებზე [და არა მსჯავრდადებულებზე]. სანამ განაჩენი არ იქნება, მანამდე აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ურთიერთობა, გარდა ადვოკატისა და სახალხო დამცველისა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა ოთხშაბათს, 4 თებერვალს, „ტვ პირველის“ ეთერში.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ომბუდსმენმა რუსთავის N12-ე ციხეში (რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა) მოინახულა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი:
- ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები;
- სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
- ენმ-ის ყოფილი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, - რომელიც 4 ოქტომბრამდე დააკავეს;
- ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი;
- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
იოსელიანის თქმით, ეს პრობლემა მათ უმრავლესობას აწუხებს.
ვერც არასრულწლოვან შვილებს ვერ ხვდებიან
ლევან იოსელიანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკოსებისგან მოისმინა „წუხილები და შენიშვნები“, რომელთაგან ერთი თითქმის ყველა მათგანს აწუხებს, - „და არა მხოლოდ მათ“.
„აქ საუბარია იმაზე, რომ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, მათ აკრძალული აქვთ კომუნიკაცია გარესამყაროსთან, გარდა ადვოკატისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა“, - განაცხადა იოსელიანმა.
„მათ არ აქვთ საშუალება, კომუნიკაცია ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან, [რაც] განსაკუთრებით [რთულია], როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან შვილებს“, - დასძინა მან.
- ასე არ არის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, - მას რამდენიმე საქმეზე აქვს განაჩენი მისჯილი; მას ყოველდღიური კომუნიკაცია შეუძლია.
- თუმცა იოსელიანმა არ დააზუსტა, რომელ პოლიტიკოსს ეხებოდა ეს პრობლემა მათგან, ვისაც დღეს შეხვდა.
„ხაბეიშვილთან დავინახეთ“
იოსელიანის თქმით, ეს პრობლემა თავდაპირველად დაინახეს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში:
„აქციაც მოაწყვეს ოჯახის წევრებმა, შევხვდი მის დედას და მეუღლეს, ამის შემდეგ დავინტერესდით ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს“, - თქვა მან.
ტელეწამყვანის კითხვაზე, სუსის ყოფილ უფროსსა და ყოფილ პრემიერს, - „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებს, - „მათაც აქვთ შეზღუდვები გარესამყაროსთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში“, იოსელიანმა თქვა:
„დიახ, მათაც აქვთ. ყველა ჩემ მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს. არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მსჯავრდებულია. მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს“.
„იგივე შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომელმაც ასევე მთხოვა, ამისთვის მიმექცია ყურადღება, მასაც აწუხებს არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის აკრძალვა“, - თქვა მან.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, ღარიბაშვილსაც ეხება თუ არა ეს პრობლემა, - რადგან მას საპროცესო შეთანხმების შემდეგ განესაზღვრა პატიმრობის ვადა, - ომბუდსმენმა განაცხადა:
„ამ საკითხზე მასთან მე არ მისაუბრია და მას ეს საკითხი ჩემთან არ დაუყენებია, მაგრამ სხვა შემთხვევებში იყო ეს საკითხი წამოწეული“.
„მარტო ღარიბაშვილზე არ არის აქ საუბარი, შვილებთან ურთიერთობა რიგითი ბრალდებულისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება იყოს ღარიბაშვილისთვის თუ სააკაშვილისთვის“, - თქვა იოსელიანმა.
„პრაქტიკა შესაცვლელია“
მისი თქმით, ეს პრაქტიკა, - როდესაც „თავის დროზე“ მიიღეს, - დასაბუთებული იყო „იმით, რომ დამატებითი დანაშაული არ დაეგეგმათ და ჩაედინათ“.
„მაგრამ გააჩნია, რაშია ბრალდებული - თუ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული, ლოგიკურია ასეთი შეზღუდვა, მაგრამ სამოხელეო დანაშაულში რომ არის ბრალდებული ან სხვა ტიპის დანაშაულში, საერთოდ რა კავშირი აქვს იმასთან, რომ საკუთარმა შვილებმა ვერ მოინახულონ“, - განაცხადა მან.
„ვფიქრობ, უფრო მოქნილი უნდა იყოს კანონმდებლობა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ფორუმი