მოკლედ
- საზღვაო სააგენტო პირველ კომენტარს აკეთებს ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატის მიერ აფეთქებულ ტანკერზე მომუშავე მეზღვაურების შესახებ, თუმცა ამ განცხადებაში არ ჩანს არც მეზღვაურთა რაოდენობა, არც მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და არც ის, კონკრეტულად რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მათ დასახმარებლად.
- სააგენტოს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის არც ის, რამ გამოიწვია ხომალდზე ხანძარი და არც ის, რომელი დროშის ქვეშ ცურავდა ტანკერი, რომელიც ირანის თავდასხმის სამიზნე გახდა.
რას ამბობს სააგენტო:
- "ერაყის რესპუბლიკის წყლების მიმდებარედ ტანკერზე 11 მარტს მოხდა ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია დრონით თავდასხმასთან."
- "საკრუინგო კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ამჟამად უსაფრთხოდ არიან."
- "გემთმფლობელი კომპანია და სადაზღვევო კომპანია ჩართულნი არიან პროცესში და მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება."
სააგენტო ასევე ამბობს, რომ როგორც სააგენტო, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები "მუდმივ კონტაქტზე" არიან გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან მეზღვაურების ინტერესების დაცვაში.
"ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით", - წერს სააგენტო.
ჩვენს კითხვაზე, რა იციან ტანკერზე მომუშავე მეზღვაურების საჭიროებების და მდგომარეობის შესახებ, გვითხრეს, რომ გარდა იმ ტექსტისა, რომელიც გაავრცელეს, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეუძლიათ.
ასევე ნახეთ 23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავსმარშალის კუნძულების დროშითა და მალტის დროშით მცურავ ტანკერებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში აიღო.
ასევე ნახეთ ირანმა პასუხისმგებლობა აიღო ერაყის წყლებში ტანკერებზე თავდასხმაზე - მედიაერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ტანკერებზე თავდასხმას ემსხვერპლა, სულ მცირე, ერთი მეზღვაური, 38 გადაარჩინეს.
ერთი ტანკერი, Zefyros-ი, მალტის დროშით დაცურავდა, ხოლო მეორე, Safesea Vishnu - მარშალის კუნძულების დროშით.
CNN-ის ცნობით, ტანკერ Safesea Vishnu-ს მფლობელი ამერიკული კომპანია Safesea Transport Inc-ია, ხოლო Zefyros-ის - ბერძნული კომპანია.
რადიო თავისუფლებამ ჯერ ვერ შეძლო დაზუსტება, რომელ კომპანიასთან ჰქონდათ დადებული კონტრაქტები ქართველ მეზღვაურებს.
ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურები “ჩრდილოვან ფლოტში” - ვინ იცავს მათ რუსული სპეცსამსახურებისა თუ ამერიკული სასაზღვრო ძალებისგან?