"მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები", - უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.
ის ამბობს, რომ მისი ქმარი ამ გემზე უკვე 6 თვეა მუშაობს და რომ არა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, ის 10 მარტს საქართველოში უნდა ყოფილიყო.
მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ს, სავარაუდოდ, ირანული საწვავი გადაჰქონდა.
კიდევ ერთი ხომალდი, რომელსაც ირანის თავდასხმის შემდეგ გაუჩნდა ხანძარი და დაიწვა, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი Safesea Vishnu-ა. სავარაუდოდ, სწორედ მის ეკიპაჟშია გარდაცვლილი.
ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ტანკერებიდან გადარჩენილია 38 მეზღვაური.
რადიო თავისუფლება ქართველი მეზღვაურების შესახებ კითხვით დაუკავშირდა როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს. გვაინტერესებდა, რა იციან გადარჩენილი მეზღვაურების შესახებ და როგორ დაეხმარებიან მათ სამშობლოში დაბრუნებაში. ორივე სახელმწიფო უწყებამ გვითხრა, რომ "ამ საკითხს მოიკითხავენ". პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ფორუმი