მეწყრის გამო ტყიბულის მუნიციპალიტეტში დამატებით 7 ოჯახის ევაკუირება მოხდა

მეწყრის ჩამოწოლის გამო დაზიანებული სახლი სოფელ კურსებში

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის გამო დამატებით შვიდი ოჯახის ევაკუირება მოხდა. როგორც ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ევაკუაცია შეეხო 45 ოჯახს.

„მოსახლეობის ნაწილი იმყოფება სოფელ კურსების საჯარო სკოლაში, ნაწილი გავიყვანეთ სასტუმროებში, ეტაპობრივად გადავიყვანთ დანარჩენებსაც შესაბამის საცხოვრისებში“, - თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვისაა გადაკეტილი.

არსებული ცნობებით, მეწყრის გამო არავინ დაშავებულა.

მეწყერი დილით გააქტიურდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში დღეს, 12 მარტს, გამთენიისას მეწყერი გააქტიურდა, მიწის მასა ჩამოწვა დასახლებულ ადგილსა და გზის სავალ ნაწილზე.

„მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ასევე ნახეთ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

საგანგებო შტაბი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სადავო პარლამენტში ზაზა ლომინაძე, რომელიც ამავდროულად არის დელეგატი ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აცხადებს, რომ შექმნილია საგანგებო შტაბი, ადგილზე კი მუშაობენ რეგიონული განვითარების მინისტრი, იმერეთის რწმუნებული და ტყიბულის მერი.

მეწყრული პროცესები ტყიბულში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ „იმერეთის მხარეში საშიში გეოლოგიური პროცესებიდან დომინირებს მეწყრული პროცესები“, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, გზებსა და ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ანგარიშში წერია, რომ ყველაზე ხშირად გავრცელებულია მეწყრები, ყველაზე იშვიათად კი ქვათაცვენები.

ასევე ნახეთ იცოდით, რომ შეგიძლიათ თქვენს რეგიონს "უსაფრთხოების პასპორტი" მოსთხოვოთ?


ასევე ნახეთ: