„ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მისასალმებელია, მაგრამ მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მათი იქ ყოფნა მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილია“, - დაწერა ტრამპმა ხუთშაბათს თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.
ორი დღით ადრე ტრამპმა "ფიფას" პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს განუცხადა, რომ მოხარული იქნებოდნენ, ენახათ ირანელი ფეხბურთელები ჩემპიონატზე, ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად.
ომმა, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებას მოჰყვა, ეჭვქვეშ დააყენა ირანის მონაწილეობა საფეხბურთო ჩემპიონატში, რომელსაც კანადა, მექსიკა და შეერთებული შტატები ერთობლივად გამართავენ ზაფხულში.
ინფანტინომ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს „ირანში არსებული ვითარება“. „პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის გუნდს, რა თქმა უნდა, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ტურნირში, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიმართება“, - დაწერა ჯანი ინფანტინომ სამშაბათს, შეხვედრის შემდეგ.
ტრამპის კომენტარი მოჰყვა ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, აჰმად დონიამალის განცხადებას, რომ ირანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
გუნდს დაგეგმილი აქვს სამი ჯგუფური მატჩის ჩატარება.
ირანი ლოს-ანჯელესში ახალ ზელანდიასა და ბელგიას დაუპირისპირდება 15 და 21 ივნისს, ხოლო სიეტლში ეგვიპტეს ეთამაშება 26 ივნისს.