აზიის თასის შეჯიბრებაში, რომელსაც ავსტრალია მასპინძლობს, ირანელთა კამპანიამ სტარტი აიღო ზუსტად მაშინ, როცა აშშ-მა და ისრაელმა საჰაერო შეტევები დაიწყეს ირანის წინააღმდეგ, რასაც ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი. ირანის გუნდი შეჯიბრებას კვირას გამოეთიშა, ფილიპინების ნაკრებთან 2-0 ანგარიშით წაგების გამო.
"ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას სჩადის, როცა უშვებს შესაძლებლობას, ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იძულებული გახდეს, დაბრუნდეს შინ - სადაც მათ, დიდი ალბათობით, დახოცავენ", - წერს ტრამპი თავის პლატფორმაზე Truth Social და დასძენს - "თქვენ თუ არა, მათ აშშ მიიღებს".
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ამ სიტყვებზე კომენტარის თხოვნით მიმართა ვაშინგტონში ავსტრალიის საელჩოს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.
ავსტრალიის გადაცემა SBS News-ის ინფორმაციით, ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთი მოთამაშე გუნდს გამოეთიშა და ახლა მათ ავსტრალიის ფედერალური პოლიცია იცავს, დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ. გამოშვების ცნობით, ხელისუფლების წყაროები ადასტურებენ ამ ინფორმაციას, ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ტონი ბერკი ბრიზბენში ჩაფრინდა ფეხბურთელებთან შესახვედრად.
მოთამაშეთა გლობალური კავშირი, FIFPRO მანამდე აცხადებდა, რომ ნაკრების წევრთა უსაფრთხოების გარშემო სერიოზული შეშფოთება არსებობს - იმ ფონზე, როცა ნაკრები სახლში დასაბრუნებლად ემზადება, ხოლო იქ მათ "ომის მოღალატეები" უწოდეს, სახელმწიფო ჰიმნის სიმღერაზე უარისთვის.
ფეხბურთელთა გადაწყვეტილებას, სამხრეთ კორეის ნაკრებთან პირველი მატჩის წინ ჩუმად მდგარიყვნენ მაშინ, როცა ირანის ჰიმნი ისმოდა, ირანის მაუწყებლის კომენტატორმა უწოდა "უღირსობის მწვერვალი".
შემდეგ, ავსტრალიასთან მეორე მატჩის წინ, ნაკრებმა ჰიმნი იმღერა, რამაც უფლებადამცველებს შორის აღძრა შეშფოთება, რომ ქალი ფეხბურთელები ზეწოლას განიცდიან სამთავრობო ძალების მხრიდან.
ფორუმი