ირანთან ომის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებულ შტატებს ამოეწურა წლებზე გათვლილი კრიტიკული საბრძოლო მასალის მარაგი. კერძოდ, ეს მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ის რაკეტებს, იტყობინება Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„სამხედრო-საზღვაო ფლოტი ამ ხარჯების გავლენას მომდევნო წლების განმავლობაში იგრძნობს“, განუცხადა წყარომ გაზეთს.
მოელიან, რომ პენტაგონი უახლოეს დღეებში თეთრ სახლსა და კონგრესს წარუდგენს 50 მილიარდ დოლარამდე დამატებითი სამხედრო ხარჯების მოთხოვნას.
ამ კვირის დამდეგს პენტაგონის წარმომადგენლებმა სენატორებს განუცხადეს, რომ ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. ძირითადად ეს იყო საბრძოლო მასალასთან დაკავშირებული ხარჯები. FT-ის წყაროს ცნობით, პენტაგონი, სავარაუდოდ, კონგრესს უახლოეს დღეებში მიაწვდის ინფორმაციას დახარჯული საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, აშშ-მა ომის პირველი 100 საათის განმავლობაში 168 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk გაისროლა. ერთ-ერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა FT-ს განუცხადა, რომ „ეს უზარმაზარი რაოდენობაა“ და რომ მარაგის შევსებას „წლები დასჭირდება“. გაზეთი აღნიშნავს, რომ Tomahawk-ის ტიპის ერთი რაკეტის ღირებულება 3,6 მილიონი დოლარია.
აშშ და ისრაელი ირანს 28 თებერვლიდან ურტყამენ. თეირანი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ისრაელზე და სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.
ასევე ნახეთ აშშ ადასტურებს ერაყში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის 4 წევრის დაღუპვას