ამერიკული თვითმფრინავი ერაყის ჩრდილოეთში 12 მარტს ჩამოვარდა. დღეს, 13 მარტს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის სიკვდილი. CENTCOM-ის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი არ ყოფილა მოწინააღმდეგის მიერ, ან შეცდომით გახსნილი ცეცხლი და ინციდენტის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს
12 მარტს რამდენიმე მედიასაშუალება ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერაყში KC-135 ჩამოვარდა ინციდენტის შედეგად, რომელშიც სხვა თვითმფრინავიც მონაწილეობდა.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ერაყში ირანის სამიზნედ იქცა აშშ-ის და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო ობიექტები, თავად ერაყის ნავთობობიექტები და ტანკერები.
12 მარტს ერაყის ქურთისტანის ავტონომიის დედაქალაქ ერბილის რაიონში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა დრონით შეტევის შედეგად. სარაკეტო შეტევა იყო ამავე რაიონში მდებარე იტალიურ ბაზაზე. წინა დღეებში ერბილის რაიონში დრონებით შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტებზეც.
ერაყის ქურთისტანში ირანული დრონებით დარტყმა იყო ნავთობის საბადოზეც, რომელსაც ამერიკული კომპანია HKN Energy მართავს.
12 მარტს ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად იერიში მიიტანა ორ ტანკერზეც.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტეც.
ფორუმი