გამომძიებლების თქმით, სტრუქტურა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა საზღვარგარეთ ოპერაციების ჩასატარებლად, მათ შორის ადამიანების გატაცებისა და მკვლელობებისთვის.
გამოცემის თანახმად, კოლუმბიაში უკვე დააკავეს ცენტრის ერთ-ერთი ოფიცერი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტების გასატაცებლად შეთქმულების მზადება. „ეს საერთოდ პუტინის სტილია: პარალელური სტრუქტურების შექმნა, რათა იყოს ერთგვარი კონკურენციის სულისკვეთება“, ნათქვამია პუბლიკაციაში.
ვინ აფინანსებს პროექტს?
გამომძიებლების თქმით, ცენტრის ოპერატიული ბაზა მდებარეობს პარკ „პატრიოტში“ კუბინკის მახლობლად, ტერიტორიაზე, რომელიც კონცერნ „კალაშნიკოვთან“ არის დაკავშირებული. პროექტის დაფინანსება დაკავშირებულია ოლიგარქ ანდრეი ბოკარევთან და „როსტეკის“ ინფრასტრუქტურასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს სერგეი ჩემეზოვი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ნაცნობი.
წყაროების ცნობით, ჩაფიქრებული იყო, შექმნილიყო ავტონომიური სტრუქტურა, - ფაქტობრივად „არმია არმიაში“, - რომელსაც შეუძლია ფარული ოპერაციების ჩატარება ჩვეულებრივი სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის გარეშე.
ოპერაცია ევროპაში და დაპატიმრება კოლუმბიაში
ცენტრის ერთ-ერთი ოფიცერი იყო 42 წლის დენის ალიმოვი, „ომონისა“ და ფსბ-ს სპეცრაზმ „ალფას“ ყოფილი თანამშრომელი. თებერვალში ის ყალბი დოკუმენტებით გაემგზავრა კოლუმბიაში, სადაც აშშ-ის პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება „პუტინის რეჟიმის ორი კრიტიკოსის“ მკვლელობის მცდელობის ორგანიზება, იუწყება The Insider.
გამოძიების თანახმად, თითოეული ოპერაციისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარი ჯილდო. ერთ-ერთ შეტყობინებაში ალიმოვმა ამგვარად განსაზღვრა ამოცანა: „ცოცხლად ან მკვდარი“, ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორ ჩავარდა ოპერაცია
საიდუმლო ზომების - ფსევდონიმების, დაშიფრული მესინჯერებისა და ავტონომიური ჯგუფების - მიუხედავად, ოპერაცია მარტივი შეცდომის გამო გამოაშკარავდა.
გამოცემის ცნობით, ალიმოვი თავის აგენტს სერბულ-ხორვატიულ ენაზე ეურთიერთებოდა ონლაინთარჯიმნის, Google Translate-ის საშუალებით. თარგმანები გადიოდა ამერიკული კომპანიის სერვერებში, რომლებზეც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პირდაპირი წვდომა მოიპოვა სასამართლოს ორდერით. შედეგად, გამომძიებლებმა შეძლეს მიმოწერის ფაქტობრივად რეალურ დროში კითხვა.
როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, მაშინ, როცა საიდუმლო ქვედანაყოფის აგენტები მკვლელობას გეგმავდნენ, მათი ყველა ინსტრუქცია საჯარო ჩანაწერებში ინახებოდა ონლაინ თარჯიმნის სერვერებზე.
ალიმოვი ამჟამად კოლუმბიაშია პატიმრობაში და შეერთებულ შტატებში ექსტრადიციას ელოდება. The Insider-ის ცნობით, მისთვის წაყენებული თითოეული ბრალდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამუდამო პატიმრობას.
ასევე ნახეთ რუსეთი 1 მარტიდან: მეცნიერებაში ეფესბეს კონტროლი, ბიზნესში რუსიფიკაცია, კულტურაში „ფასეულობების“ ფილტრი