Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი 1 მარტიდან: მეცნიერებაში ეფესბეს კონტროლი, ბიზნესში რუსიფიკაცია, კულტურაში „ფასეულობების“ ფილტრი

რუსი მეცნიერები გისოსებს მიღმა, ФСБ-ს ზედამხედველობის ქვეშ. კოლაჟი
რუსი მეცნიერები გისოსებს მიღმა, ФСБ-ს ზედამხედველობის ქვეშ. კოლაჟი

2026 წლის 1 მარტიდან რუს მეცნიერებს ФСБ-ს თანხმობა სჭირდებათ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის, რუს ბიზნესმენებს მოეთხოვებათ საჯარო სივრცისთვის განკუთვნილი  მთელი ინფორმაციის რუსულ ენაზე გადაყვანა, ხოლო ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მკაცრად მოეთხოვებათ “გარკვეული ფასეულობების” დაცვა.

სუვერენული მეცნიერება

1 მარტიდან მეცნიერებს ეკრძალებათ უცხოელ კოლეგებთან ნებისმიერი კონტაქტი "ეფესბეს", რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ნებართვის გარეშე. ეს წესი ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომელთა დამფუძნებლებს შორის უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირები არიან.

პროექტმა T-Invariant-მა რუსეთში დათვალა, სულ მცირე, 31 მეცნიერი და მკვლევარი, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებიან სახელმწიფო ღალატის, „არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელების, უცხოელებთან თანამშრომლობისა და ეკონომიკური დანაშაულების ბრალდებით.

2025 წელს დააპატიმრეს მინიმუმ შვიდი მეცნიერი, მათ შორის: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გრიგორი სევერინი არმიის დისკრედიტაციის მუხლითა დაჭერილი; პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვადიმ სალტიკოვსკის სახელმწიფო ღალატს ედავებიან, სოციოლოგ ნიკოლაი ზიუზევს - „უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალურ თანამშრომლობას“ და ა.შ.

2000-იანი წლების დასაწყისიდან, ვლადიმირ პუტინის კრემლში მოსვლის შემდეგ, მეცნიერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების რიცხვმა ერთიორად იმატა. ექსპერტთა დაკვირვებით, როგორც წესი, ბრალდებები სტანდარტულია: ჯაშუშობა, სახელმწიფო ღალატი, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, ბოლო დროს კი „არმიის შესახებ ფეიკების გავრცელება“.

ერთ-ერთი პირველი გახმაურებული საქმის ფიგურანტი იყო იგორ სუტიაგინი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელსაც 2004 წელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. სუტიაგინმა დანაშაული არ აღიარა, რადგან მუშაობდა ღია წყაროებთან ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის დაკვეთით. მეცნიერმა პატიმრობაში 11 წელი გაატარა და 2010 წელს პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა.

მედიაპროექტ T-invariant-ის ხელმძღვანელი, ოლგა ორლოვა, ამბობს, რომ რუს მეცნიერებს დღეს ციხეებთან არსებულ საკონსტრუქტორო ბიუროებში, ე.წ. შარაშკებში აღარ აგზავნიან, როგორც სტალინის დროს ხდებოდა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეები და პატიმრობის მაღალი ვადები ნამდვილად იქცა პუტინის რუსეთის ახალ სინამდვილედ. ამ ახალი სინამდვილის ნაწილია 1 მარტს ამოქმედებული კანონი:

თუ მეცნიერს ან მეცნიერთა ჯგუფს რუსეთში სურს, რომ პროექტში მონაწილეობდეს უცხოელი მეცნიერი, მაშინ "ეფესბეს" უნდა აცნობოს, და ნებართვას დაელოდოს 60 დღე.

"შარაშკები" - დაპატიმრებული საბჭოთა მეცნიერები ბანაკებში ("ლაგერებში") მუშაობდნენ სპეციალურ დახურულ საკონსტრუქტორო ბიუროებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, რომლებიც ცნობილია „შარაშკების“ სახელით. პატიმრობაში მყოფი მეცნიერები მუშაობდნენ ავიაციის, რაკეტათმშენებლობის, რადიოტექნიკისა და ბირთვული პროექტების მიმართულებით, ცხოვრობდნენ შეზღუდული თავისუფლების პირობებში, თუმცა ჩვეულებრივ პატიმრებთან შედარებით უკეთესი კვება და საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდათ.

„ეს სიახლე უთუოდ გაართულებს პროცესს. შესაბამისად, ნებისმიერი სამეცნიერო მენეჯერი შეეცდება ამ სირთულის თავიდან აცილებას. სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ცნებები „მეგობრული“ და „არამეგობრული“ ქვეყნები ძალიან ბუნდოვანია. არსებობს არამეგობრული ქვეყნების სია: დასავლეთ ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ბრიტანეთი და ავსტრალია. თუმცა ამ სამყაროს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ისედაც აკრძალული აქვს ინსტიტუციური თანამშრომლობა რუსულ სამეცნიერო ორგანიზაციებთან. ანუ საუბარი არ არის იმაზე, რომ "ეფესბე" შეამოწმებს კოლეგას გერმანიიდან ან ბელგიიდან. სავარაუდოდ, საუბარია კოლეგებზე ჩინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ბრაზილიიდან. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი თითქმის ნებისმიერი მეცნიერი, რომელიც მსგავს პროექტს გეგმავს, შეეცდება ამის თავიდან აცილებას“, - ამბობს ოლგა ორლოვა.

T-invariant-ი— აკადემიური საზოგადოების მედია, შექმნილი იმ მეცნიერებისა და სამეცნიერო ჟურნალისტებისგან, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. T-invariant-ი წერს იმაზე, თუ როგორ ასრულებს მეცნიერება თავის მისიას ხელისუფლების ზეწოლის პირობებში; როგორ დევნიან ხელისუფლება და სპეცსამსახურები მეცნიერებს; როგორ აფასებენ მეცნიერები მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს; როგორ იცვლება უნივერსიტეტების თანამშრომლებისა და სტუდენტების ცხოვრება ომის დროს; როგორ მოქმედებს სანქციები მეცნიერებისა და განათლების სფეროზე.

ექსპერტების თქმით, უცნობია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა გასცეს ნებართვა ან უარყოს თანამშრომლობის წინადადება "ეფესბემ".

„სუბიექტური ფაქტორი ძალიან ძლიერია. ეს ჩანს კიდეც, მეცნიერების წინააღმდეგ ზოგიერთ სასამართლო პროცესზე როგორ განმარტავენ "ეფესბეს" გამომძიებლები სახელმწიფო ღალატს, რომ ნებისმიერი ურთიერთქმედება დასავლელ მეცნიერებთან, გლობალურ მეცნიერებასთან - თუ თქვენ აქვეყნებთ შედეგებს საერთაშორისო ჟურნალებში - უკვე სახელმწიფო ღალატის ფაქტია. ეს ადამიანები ვერ იგებენ, როგორ არის მოწყობილი თანამედროვე მეცნიერება და რის საფუძველზე ვითარდება იგი; ისინი ცხოვრობენ „რკინის ფარდის“ ძველი წარმოდგენებით, რომ უმჯობესია ნებისმიერი სამეცნიერო მიღწევები საიდუმლოდ ინახებოდეს. მათ აქვთ „სუვერენული მეცნიერების“ იდეალი და ფიქრობენ, რომ სუვერენული მეცნიერება სიცოცხლისუნარიანია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ვაკვირდებით მეცნიერების პროცესებს, განსაკუთრებით სახელმწიფო ღალატის საქმეებს. ეს მართლაც საშინელებაა. ეს ადამიანები ან აპოლიტიკურები არიან, ან ხელისუფლების მიმართ ლოიალურები“, - ეუბნება რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას ორლოვა, რომლის თქმითაც, თითქმის ყველა ბრალდება თითიდან გამოწოვილია.

ოლგა ორლოვა
ოლგა ორლოვა

„ადრე კანონით ღალატის ტრადიციული გაგება იყო, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის მქონე პირი სხვა მხარეს გადასცემდა საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციას. ახლა ეს სრულიად განსხვავებულია, - ამბობს მედიაპროექტ T-invariant-ის ხელმძღვანელი, - ახლა, თუნდაც მუშაობდეთ ღიად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, თქვენი ნებისმიერი კონტაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა. ბევრმა მეცნიერმა, რომლებიც სახელმწიფო ღალატისთვის არიან მსჯავრდადებული, სპეციალური ნებართვაც კი მიიღეს ექსპერტული კომისიისგან, რომელიც უფლებას აძლევდა ამ მონაცემების გამოქვეყნების უცხოურ ჟურნალში ან ამ თემაზე მოხსენების გაკეთების. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა პროცედურა დაიცვეს, შემდგომში მათი ქმედება მაინც შეფასდა როგორც სახელმწიფო ღალატი“.

ოლგა ორლოვას თქმით, არის სხვა ტიპის საქმეებიც, აშკარა ფალსიფიკაციებიც, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, ბირობიჯანელი ვალერი კაჩინის საქმე.

„ეს არის გეოდეზისტი, რომელსაც სახელმწიფო ღალატის მუხლით 14 წელი მიუსაჯეს. მას წაუყენეს ბრალდება, თითქოს აგროვებდა ბირობიჯანის ინფრასტრუქტურის შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურებისთვის. თუ რუკას დახედავთ, ძნელია წარმოიდგინოთ რაიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბირობიჯანის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებს დააინტერესებდა. ჩვენ არც ერთხელ არ შევხვედრივართ შემთხვევას, როცა სპეცსამსახურებს დაეჭირათ მართლა ჯაშუში მეცნიერი“.

დაბრუნება საბჭოთა ფესვებთან

ანდრეი ცატურიანი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და თელ-ავივის უნივერსიტეტის თანამშრომელი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირშიც ნებისმიერ პუბლიკაციაზე ან მოხსენებაზე საჭირო იყო ექსპერტიზის ისეთი აქტის მიღება, რომელშიც ეწერა, რომ ნაშრომში არ იყო გამჟღავნებული საიდუმლო ინფორმაცია და რომ მასში ასევე არ იყო არაფერი პრინციპულად ახალი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო გამოგონების ან აღმოჩენის საგანი.

“იმ ნაშრომების გამოქვეყნებას, რომლებიც დახურულ თემატიკას არ ეხებოდა, ეს არ ამუხრუჭებდა, მაგრამ დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. საჭირო ხდებოდა დაფიქრება — ღირდა თუ არა ნაშრომის საზღვარგარეთ გამოქვეყნება. მახსოვს, სახელმწიფო დღესასწაულების წინ საბეჭდი მანქანებიც კი მიჰქონდათ „პირველ განყოფილებაში“, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის დაცვით იყო დაკავებული, რათა არაფერი აკრძალული არ დაებეჭდათ. საერთაშორისო კონფერენციაზე გამგზავრება — რაც დასავლელი მეცნიერებისთვის და ასპირანტებისთვისაც კი ჩვეულებრივი პრაქტიკაა — ითვლებოდა მთელი ცხოვრების მოვლენად, რომლის შესახებაც შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში უყვებოდნენ სტუდენტებს, შვილებსა და შვილიშვილებს”, - უთხრა „ნოვაია გაზეტა ევროპას“ ანდრეი ცატურიანმა.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა რუსეთის მეცნიერებამ ისედაც ვერ მოასწრო მსოფლიო მეცნიერებაში ისეთი ღრმა ინტეგრაცია, როგორშიც იყო ჩართული რევოლუციამდელი რუსეთის მეცნიერება ან, მაგალითად, როგორც ინტეგრირებულია თანამედროვე ჩინეთის მეცნიერება:

„ჩინურ ლაბორატორიაში თითქმის ყველა მეცნიერს აქვს სხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით რუსულ ლაბორატორიებზე. უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების კონტროლის უფრო მკაცრი წესები "ეფესბეს" მხრიდან, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა შეთითხნილი ბრალდებებით, გამოიწვევს არსებული კავშირების შესუსტებასა და შეწყვეტას. ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი ეცდება თავი დააღწიოს ამ „გალიას“, მით უმეტეს, რომ საზღვრები, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, მთლიანად დახურული არ არის. ეს გარდაუვალად გამოიწვევს რუსული მეცნიერების პროვინციალიზაციას და მისი დონის შემცირებას სხვა ქვეყნების მეცნიერებასთან შედარებით. მთლიანობაში რუსული მეცნიერების წილი მსოფლიო მეცნიერებაში ისედაც მცირეა და თანდათან კიდევ უფრო მცირდება. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში რუსი ავტორების პუბლიკაციების წილი შედარებით დაბალია და 2–3%-ს არ აღემატება”.

ექსპერტთა შეფასებით, სინამდვილეში რუსეთიდან ტექნოლოგიების გაჟონვის რისკი იმ მარტივი მიზეზის გამო არ არსებობს, რომ რუსეთი არ არის მოწინავე სამეცნიერო ქვეყანა, ყველაფერი კი კეთდება საზოგადოების და მათ შორის მეცნიერების დაშინებისა და დამორჩილებისთვის.

"ტექნოლოგიების გაჟონვის ყველაზე ნაკლებად ეშინიათ. რუსეთში კრიტიკულად ცოტაა ტექნოლოგია, რომელიც უცხო ქვეყნებს დააინტერესებდა. ეს არის მთელი რუსული ეკონომიკის პრობლემა ბოლო 35 წლის განმავლობაში - საკუთარი ტექნოლოგიები. თუ სახელმწიფო ღალატის საქმეებს გადავხედავთ, ჩანს, რომ ბრალდებები, რომლებიც ტექნოლოგიების გადაცემას შეიცავს, თითქმის არ არის“, - ამბობს ოლგა ორლოვა.

ფილმების ჩვენების აკრძალვა

2026 წლის 1 მარტიდან აკრძალულია იმ ფილმების ჩვენება, რომლებიც „დისკრედიტაციას უწევს ტრადიციულ სულიერ-მორალურ ფასეულობებს“

1 მარტიდან ძალაში შევიდა ცვლილებები რუსეთის ფედერალურ კანონებში „ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ და „რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“. პირველ კანონში დაემატა ახალი ვალდებულებები აუდიოვიზუალური სერვისების (სტრიმინგების) და სოციალური ქსელების მფლობელებისთვის, მეორეში კი - ახალი საფუძვლები ფილმებისთვის გაქირავების მოწმობის გაცემაზე უარის თქმისთვის.

სპეციალისტების განმარტებით, სტრიმინგებს ეკრძალებათ ისეთი ნაწარმოებების ჩვენება, რომლებშიც შეიძლება მოიძებნოს მასალები:

  • „ტრადიციული რუსული სულიერ-მორალური ფასეულობების“ დისკრედიტაციის შესახებ;
  • „ტრადიციული რუსული სულიერ-მორალური ფასეულობების“ უარყოფის პროპაგანდის შესახებ.

ამავე საფუძვლებს გამოიყენებს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო ადრე გაცემული გაქირავების მოწმობების გაუქმებისთვის ან ახალი მოწმობების გაცემაზე უარის თქმისთვის. გაუქმების შემთხვევაში, “როსკომნადზორი” სტრიმინგებისა და სოციალური ქსელების ადმინისტრაციას მოსთხოვს ნაწარმოებების პლატფორმებიდან წაშლას, რაც 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

აბრების რუსიფიკაცია

რუსეთში 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი რუსული ენის დაცვის ახალი სტანდარტების შესახებაც, რომლის ფარგლებში ცვლილებები შევიდა ორ ფედერალურ კანონში: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და „მრავალბინიანი სახლებისა და სხვა უძრავი ქონების ობიექტების წილობრივი მშენებლობის შესახებ“.

1 მარტს ამოქმედებული კანონის მოთხოვნით, ნებისმიერი „ინფორმაცია, რომელიც მიმართულია მომხმარებლისკენ, უნდა იყოს რუსულ ენაზე. საუბარია არა მხოლოდ შენობების ფასადებზე განთავსებულ აბრებზე, არამედ მიმართულების მაჩვენებლებზე, ვიტრინებზე, მენიუზე, შეფუთვაზე, მობილურ აპლიკაციებზე, ახალაშენებულ სახლებში ნავიგაციაზე. უცხოური სახელების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ რუსულ ენაზე სრული დუბლირების შემთხვევაში, იდენტური გაფორმებით. ამასთან, თარგმანი უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ „თანაბარღირებული“, რაც, ექსპერტთა ვარაუდით, ასევე გახდება დავების საგანი. ამასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება რუსულ საფირმო სახელწოდებებსა და სასაქონლო ნიშნებს — მათი „რუსიფიკაცია“ სავალდებულო არ არის (მაგალითად, ისეთი ბრენდები, როგორიცაა Fix Price ან Rostic’s-ი). რუსულ ენაზე მოცემული ინფორმაცია ნებადართულია "დუბლირდეს" რესპუბლიკების სახელმწიფო ენებზე, „რუსეთის ფედერაციის ხალხთა სხვა ენებზე“ და უცხო ენებზეც კი. მაგრამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსების სახელებში შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ კირილიცა, თუმცა თავად სიტყვები აუცილებელი არ არის იყოს რუსული.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეს კანონი საწყისი მკაცრი ვარიანტით არ მიიღო, სიახლე მაინც შეეხება ასიათასობით საწარმოს. ზოგს მოუწევს სახელწოდების შეცვლა, თუ ის არ არის რეგისტრირებული, როგორც საფირმო სახელი ან სასაქონლო ნიშანი. თუ ლათინური სახელწოდება რეგისტრირებული არაა სასაქონლო ნიშნად “როსპატენტში”, ასეთი აბრის გამოყენება, ახალი კანონის მიხედვით, შეიძლება გახდეს სამართალდარღვევა და დაისაჯოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც ეხება გაყიდვისა და რეკლამის წესებს. ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის - 2500 რუბლამდე, თანამდებობის პირებისთვის — 20 000 რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის — 100 000-დან 500 000 რუბლამდე.

ონლაინ მიკროსესხების გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიით

1 მარტიდან რუსეთის მიკროსაფინანსო კომპანიები ვალდებულნი არიან, მსესხებლების იდენტიფიცირება მოახდინონ ბიომეტრიული მონაცემების საშუალებით, თუ ისინი თანხის ონლაინ მიღებას ითხოვენ (პირადად მისულ მსესხებლებზე ეს მოთხოვნა არ ვრცელდება).

სიახლის მიზანი - კანონმდებლობაში უკვე ჩვეულებრივად ქცეულ თაღლითობასთან ბრძოლა. სიახლის ავტორები იმედოვნებენ, რომ ბიომეტრიული ბარიერის დახმარებით ბოროტმოქმედები ვერ შეძლებენ მიკროკრედიტის გაფორმებას ადამიანის თანხმობის გარეშე.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მიკროსაფინანსო ბაზარი ამ მოთხოვნის წინააღმდეგია, რადგან ერთიან ბიომეტრიულ სისტემაში ძალიან ცოტა ჩანაწერია. ექსპერტთა გათვლებით, ამის გამო სესხის მიღება შეუძლებელი გახდება დაახლოებით 14–15 მილიონი მსესხებლისთვის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG