ჰეზბოლა სამხრეთ ლიბანში ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლების შესახებ იტყობინება

საილუსტრაციო ფოტო: სამხრეთ ლიბანის ქალაქი ხიამი. 19 თებერვალი, 2025.

ლიბანის გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, განაცხადა სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიასთან „პირდაპირი“ შეტაკებების შესახებ. რადიკალური შიიტური ორგანიზაციის ცნობით, ბრძოლები ქალაქ ჰიამში დაიწყო 14 მარტს საღამოს. ჰეზბოლას განცხადებით, შეტაკებებში გამოიყენება „მსუბუქი და საშუალო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე რეაქტიული ჭურვები“.

გარდა ამისა, ჰეზბოლა იუწყება ისრაელის ძალებზე თავდასხმების შესახებ სამ საზღვრისპირა სოფელში. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში 800 ადამიანი დაიღუპა და 2000 დაიჭრა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ისრაელის ჯარებმა თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ჰეზბოლამ, რომელსაც თეირანი აფინანსებს, გასულ კვირაში განაახლა დარტყმები ისრაელის მიმართულებით. ისრაელმა ამას ლიბანში საკუთარი სამხედრო ოპერაციებით უპასუხა.

ოფიციალურად, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედებს საზავო შეთანხმება, თუმცა ისრაელი დაჯგუფებას ხელახალ შეიარაღებაში ადანაშაულებს და მასზე რეგულარულად ახორციელებს საავიაციო დარტყმებს.

ლიბანის მთავრობამ იკისრა ვალდებულება, სრულად განაიარაღოს ჰეზბოლა - ეს არის პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში ისრაელი თანახმაა შეწყვიტოს დარტყმები დაჯგუფების პოზიციებზე სამხრეთ ლიბანში.

ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნა მას შემდეგ, რაც რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ისრაელში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელს დაესხა თავს. ამას მოჰყვა ომი ღაზის სექტორში.

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები, ჰამასი, ჰეზბოლა და იემენელი ჰუთები, ერთიანდებიან ირანის ხელმძღვანელობით მოქმედ „წინააღმდეგობის ღერძში“, რომელიც მიზნად აცხადებს ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას.

ასევე ნახეთ ისრაელი და ლიბანი, ალბათ უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, იტყობინება Haaretz-ი.