ევროკავშირმა უკრაინას გაუხსნა წევრობაზე მოლაპარაკებების სამი დარჩენილი კლასტერიც

უკრაინის და ევროკავშირის დროშები კიევში, ევროპის მოედანზე

უკრაინას უკვე აქვს სრული პაკეტი იმ პირობების, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად.

უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ინფორმაციით, დღეს, 17 მარტს უკრაინის დელეგაციამ ევროკავშირისგან ბრიუსელში მიიღო გაწევრების პირობები მოლაპარაკებების სამი ფინალური კალსერტიდან: კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური განვითარება, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება და რესურსები და სოფლის მეურნეობა.

  • 2025 წლის ბოლოს უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო პირობები სამი სხვა კლასტერიდან: გაწევრების პროცესის საფუძვლები, შიდა ბაზარი და საგარეო ურთიერთობები.

უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდას“ ცნობით, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დღეს, 17 მარტს ბრიუსელში განაცხადა, რომ მაშინ, როცა ევროპა ზეწოლის ქვეშაა როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან, დროის დაკარგვის უფლება არ აქვთ, არც კარგავენ და უკრაინისთვის გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში უკვე ექვსივე კლასტერი გახსნილია.

პირობების შესრულება უკრაინასა და მის მიერ შესაბამისი რეფორმების განხორციელებაზეა დამოკიდებული.

ასევე ნახეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე: ვითარება სულ უფრო სერიოზულდება... ახლა ვლაპარაკობთ გადარჩენაზე
  • „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის განაცხადი პირველმა უკრაინამ წარადგინა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. 3 მარტს განაცხადები წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.
  • 2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა.
  • 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, ხოლო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
  • 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
  • ევროკავშირს „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული აქვს, რადგან მისი პოლიტიკა, ბრიუსელის თანახმად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და გაწევრების მიზნით ნაკისრ ვალდბეულებებს.
ასევე ნახეთ „საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდან