ვალტონენი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, თბილისში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს შსს-მ „გზის გადაკეტვისთვის“ 5000 ლარით დააჯარიმა, აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს:
„გასულ წელს, როცა ეუთოს თავმჯდომარე ვიყავი, ყურადღებით არა მხოლოდ ვაკვირდებოდი, არამედ ვესტუმრე კიდეც საქართველოს და ჩავუტანე ძლიერი სოლიდარობა საქართველოს ხალხს, რომელსაც, სამწუხაროდ, უწევს ცხოვრება სულ უფრო მზარდი რეპრესიების ქვეშ. უახლესი კანონი, რომელიც არსებითად კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ადამიანების თავისუფლებას, არის მორიგი ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“.
საქართველოზე ისაუბრა ევროკავშირის კიდევ არაერთი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა საქართველოს მიმართ მოლოდინების შესახებ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვის პასუხად განაცხადა:
„ამ შეკითხვას მისვამთ საბჭოს ყოველი შეკრების წინ. არაფერი შეცვლილა. პრობლემა რჩება. ვითარება კვლავაც არ მიდის სწორი მიმართულებით. მაქვს კარგი კონტაქტი [საქართველოს - რ.თ.] საგარეო საქმეთა მინისტრთან და სინანულით აღვნიშნავ, რომ ისინი არ უახლოვდებიან ევროპულ გზას... ეს არის პრობლემა“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ფიქრობს, რომ საქართველოში ვითარება უფრო და უფრო სერიოზულდება:
„ცხადია, ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოზე. ვითარება, რა თქმა უნდა, სულ უფრო სერიოზულდება და ამიტომაც, 6 მარტიდან დავიწყეთ ვიზის აკრძალვის განხორციელება დიპლომატებისთვის. თუმცა ჩვენ ვიმსჯელებთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით“.
საქართველოში არსებული ვითარება შეაფასეს ბალტიის ქვეყნების მინისტრებმაც. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის გამო:
„საქართველოში გაუარესებული ვითარება, რასაკვირველია, ჩვენი შეშფოთების საფუძველია და დღეს ამაზე ვიმსჯელებთ. ისევე, როგორც აქამდე, ე.წ. აგენტების შესახებ აქტის არასათანადო გამოყენება, რასაკვირველია იწვევს ღრმა შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობაზე საქართველოში. ასე რომ, მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან ერთად მსჯელობას იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხზე“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ფიქრობს, რომ ახლა ლაპარაკია საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე:
„ესტონელებს ყოველთვის ღრმად აშფოთებთ საქართველოს ხალხის მომავალი. ყველა დონეზე ძლიერად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ნებას, რომ მიიღონ, რაც მათ სურთ - ევროკავშირის წევრობა, რაზეც აღარც კი ვლაპარაკობთ. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, ვლაპარაკობთ გადარჩენაზე. ასე რომ, ღრმად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც „არ გაუმჯობესებულა“, საკმარისად ბევრი ინფორმაცია გამოქვეყნდა, მათ შორის - ევროკომისიის მიერ:
„- საქართველოში არაფერი შეცვლილა. ვითარება არ გაუმჯობესებულა. ვიცით, რომ საქართველოს ხალხს სურს ის, რაც მათ დაიმსახურეს. აშკარაა, ეს მთავრობა არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით ამ ქვეყნისა და ხალხისთვის.
- შეგიძლიათ მაგალითის მოყვანა?
- ეს საჯაროა, იმავე ევროკომისიის მხრიდან.
- რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელიც აჩერებს ჩვენს ევროპისკენ სვლას?
- ჩვენ სრულად ვენდობით საქართველოს ხალხს, რომ ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს და განახორციელებს ვალდებულებებს, რომლებიც ქვეყნის წინსვლას უზრუნველყოფს.
- შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა არ მოგწონთ საქართველოსთან მიმართებით?
- როგორც უკვე ვთქვი, საკმარისი [ინფორმაცია] გამოქვეყნდა ამის შესახებ ევროკომისიის და სხვა აქტორების მიერ“.
საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების გარდა, ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობაზეც ილაპარაკა ჟურნალისტებთან რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ:
„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს სჭირდება მიმართოს სათანადო ზომებს, რომ უზრუნველყოს დემოკრატიის, მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვა. ჩვენ მეზობლები ვართ შავ ზღვაზე და ამ კუთხით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას. გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და რომ მისი მოქალაქეების ნება ასახული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით ახლა, როცა შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის კუთხით, არამედ ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის ინფრასტრუქტურის, ზღვის ფსკერზე საკაბელო ინფრასტრუქტურისა და იმ კუთხით - როგორ შეიძლება შავმა ზღვამ შეასრულოს როლი ურთიერთდაკავშირებაში სხვა კონტინენტებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრებს წუხელ გვქონდა სადილი, სადაც ვიმსჯელეთ „სამი ზღვის ინიციატივაზე“ იმისთვის, რომ განხორციელდეს ინვესტიცია ამ ზღვების დასაკავშირებლად, აგრეთვე სათანადო ენერგო-მარშრუტების უზრუნველსაყოფად, რომლებიც გვჭირდება. ვფიქრობ, ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისიც აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, მომდევნო წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი ინფრასტრუქტურის განვითარება დამატებითი ენერგონაკადების უზრუნველსაყოფად, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კრიზისი წარმოიშობა“.
16 მარტს ბრიუსელში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელზეც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ. რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებაც გააკეთეს კომენტარები. მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარ საკითხთა შორის არის: ომი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება, ვითარება შუა აღმოსავლეთში და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგად შექმნილი გამოწვევები ენერგორესურსების ტრანსპორტირების კუთხით, ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში და “ხმელთაშუაზღვის რეგიონის შესახებ პაქტის” განხორციელება. მინისტერიალამდე ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაესაუბრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას; საუზმეზე განიხილავენ ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიას; სადილზე კი მათ შეუერთდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი.
ფორუმი