პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ისრაელის განზრახვაზე, დაებომბა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადო. ეს ტრამპმა 19 მარტს დაწერა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.
- ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სპარსეთის ყურეში, ირანის სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურას 18 მარტს დაარტყეს, რასაც პასუხად მოჰყვა ირანის შეტევა კატარის და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ენერგოობიექტებზე.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, ისრაელმა, რომელიც „განრისხებულია" იმით, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ირანში დაარტყა სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს „შედარებით მცირე ნაწილს", ირანმა კი „უსაფუძვლო და გაუმართლებელი" შეტევა მიიტანა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ქარხანაზე კატარში, რომელიც არაფერ შუაში იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი თავს აღარ დაესხმება „უკიდურესად მნიშვნელოვან და ძვირფას" სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს, მაგრამ თუ ირანი ისევ გადაწყვეტს უდანაშაულო კატარზე შეტევას, აშშ საბადოს ააფეთქებს.
სპარსეთის ყურეში მდებარე გაზის საბადო მსოფლიოში უმსხვილესია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, საბადოს მარაგი 28 ტრილიონი კუბური მეტრი გაზია. საბადოს ნაწილი ირანს, ნაწილი კი კატარს ეკუთვნის.
ასევე ნახეთ კატარმა ირანელი ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა- 18 მარტს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანში დაბომბა სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურა, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მორიგი იერიში მიიტანეს ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა დიდი შეცდომა იყო, საპასუხო ზომებს მიმართავს და თუ ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხები გაგრძელდება, სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას გაანადგურებენ.
ირანის ძალებმა კატარში სარაკეტო შეტევა მიიტანეს რას-ლაფანის სამრეწველო ცენტრზე, სადაც ნავთობის და გაზის ობიექტებია.
კატარის მთავრობამ ირანის იერიშს სუვერენიტეტის დარღვევა და პირდაპირი საფრთხე უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ირანის საელჩოს სამხედრო ატაშე, უსაფრთხოების საკითხთა ატაშე და მათი ოფისების თანამშრომლები და მოსთხოვა, რომ კატარის ტერიტორია 24 საათში დატოვონ.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტს საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქ ელ-რიადის თავზე მოიგერია რვა ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნამსხვრევები ჩამოცვივდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, დაშავდა ოთხი ადამიანი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტების მოგერიებით გამოწვეული „ინციდენტების“ გამო მუშაობა შეაჩერა ჰაბშანის გაზის გადამამუშავებელმა ობიექტმა. შეტევა იყო მურბან-ბაბის ნავთობის საბადოზეც.
ასევე ნახეთ ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი დახმარება აღარ სჭირდებათ- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.