კერძოდ, დარტყმები მიმართული იყო ბუშერის პროვინციაში მდებარე სამხრეთ ფარსის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაზე, სადაც ირანის გაზის წარმოების უმეტესი ნაწილია განთავსებული.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა იერიშები და გავრცელა ინფორმაცია ხანძრის შესახებ.
სამხრეთ ფარსის საბადო მსოფლიოში უდიდესად ითვლება. იქ ირანის გაზის დაახლოებით 70%-ს აწარმოებენ. საბადოს ნაწილი კატარში მდებარეობს. კატარის ხელისუფლებამ დაგმო ისრაელის დარტყმა და განაცხადა, რომ ამან შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს.
„ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რეგიონის ხალხებს და მის გარემოს.“
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანი შურისძიების მიზნით უტევს კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას.
18 მარტის საღამოს, კატარში, რას ლაფანის სამრეწველო ცენტრი, სადაც QatarEnergy-ის ძირითადი ობიექტებია განთავსებული, სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა. ერთ-ერთი რაკეტა სამიზნეს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია და ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანა.
„ყველა თანამშრომელი ნაპოვნია და ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, - იტყობინება კომპანია.
ყატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანმა ხუთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ოთხი მათგანი ჩაჭრეს.
კატარის ამირამ, თამიმ ალ ტანიმ, ირანის თავდასხმას „მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ცენტრზე კონფლიქტის უგუნური და სახიფათო ესკალაცია“ უწოდა.
ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს 28 თებერვალს დაესხნენ თავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ომის მიზნებია ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურება და თეირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილება.
ირანი ისრაელს და რეგიონის იმ ქვეყნებს უტევს, რომლებიც აშშ-თან თანამშრომლობენ.
ფორუმი