ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრების ჯგუფი, რომელთა შორის, როგორც იტყობინებიან, საზოგადო მოღვაწეები, ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები და 2020 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეები არიან. გათავისუფლების შესახებ ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იტყობინებიან.
რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია აქტივისტ კიმ სამუსენკოსა და Belsat TV-ის ჟურნალისტის, ეკატერინა ბახვალოვას (ანდრეევა) გათავისუფლების შესახებ.
ვილნიუსში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ სულ გაათავისუფლეს 250 ადამიანი, რომელთაგან 15 ლიეტუვაში ჩავიდა, ხოლო კიდევ 235 თავად ბელარუსში გათავისუფლდა. ეს მონაცემები დაადასტურა ადამიანის უფლებათა ცენტრმა „ვიასნამ“ და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-მ. ეს ბოლო წლებში ბელარუსში ერთდროულად გათავისუფლებული პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობაა.
გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის „ვიასნას“ უფლებადამცველების, მარფა რაბკოვასა და ვალენტინ სტეფანოვიჩის ფოტო, რომლებიც ლიეტუვაში ჩაიყვანეს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა გამოაქვეყნა.
ფონდმა BYSOL-მა დაიწყო საგანგებო თანხების შეგროვების კამპანია, რათა დაეხმაროს პოლიტპატიმრებს, რომლებსაც „მრავალი წლის ციხეში ყოფნის შემდეგ“ მოუწევთ „ცხოვრების პრაქტიკულად ნულიდან დაწყება“, დროებითი საცხოვრებლის პოვნა, ტანსაცმლისა და მედიკამენტების შეძენა და დოკუმენტების აღდგენა, ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.
გათავისუფლება მოხდა ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და კოულს შორის მინსკში შეხვედრის შემდეგ. კოულმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი ხსნის სანქციებს „ბელინვესტბანკის“, ბელორუსის განვითარების ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ. გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ სანქციების ყველა სიიდან საბოლოოდ ამოიღეს ბელარუსის კალიუმის კომპანია „ბერალუსკალი“.
კოულის თქმით, ორივე მხარე მუშაობს ქვეყანაში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნაზე. კოულმა ასევე განაცხადა, რომ განიხილება ლუკაშენკას აშშ-ში ვიზიტი.
კოული ბელარუსს ბოლოს ეწვია 2025 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც ლუკაშენკამ გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ყველაზე დიდი ჯგუფი - 123 ადამიანი. მათ შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი, ბიზნესმენი ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც ლუკაშენკას წინააღმდეგ იყრიდა კენჭს, სვიატლანა ციხანოუსკაიას მოკავშირე და ბელარუსის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა, იურისტი მაქსიმ ზნაკი, პოლიტოლოგი ალიაქსანდრ ფედუტა და სხვები.
ასევე ნახეთ აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა ჯონ კოულმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იმსჯელეს