ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქ ჰაიფაში. ისრაელის მედიისა და თვითმხილველების ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ჰაიფაში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო.
მოგვიანებით ხელისუფლებამ მცირე ზიანის და მსხვერპლის შესახებ განაცხადა. იტყობინებიან, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები.
ისრაელმა 18 მარტს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან პირველად, ირანის გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, კერძოდ, სამხრეთ ფარსის საბადოზე განახორციელა დარტყმა. ირანმა საპასუხოდ რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის კატარსა და საუდის არაბეთში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელა დარტყმა.
18 მარტის საღამოს და 19-ში დილით ირანმა კატარში, სახელმწიფო კომპანია Qatar Energy-ის მიერ მართულ რას-ლაფანის კომპლექსზე განახორციელა დარტყმა. ამის შესახებ კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, ირანის ძალებმა სამრეწველო ცენტრის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
Qatar Energy-მ განაცხადა, რომ 18 მარტს სარაკეტო თავდასხმამ „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენა ქარხანა Pearl GTL-ს. 19 მარტს დილით ადრე დარტყმები განხორციელდა გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) რამდენიმე ქარხანაზე. დარტყმებმა დიდი ხანძარი გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როგორც Reuters-ი იტყობინება Qatar Energy-ის ხელმძღვანელზე დაყრდნობით, ირანის დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა კატარის გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის სიმძლავრის 17%, რამაც შეიძლება 20 მილიარდ დოლარამდე წლიური დანაკარგები გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ევროპისა და აზიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას. „ჩემს ყველაზე საშინელ კოშმარებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ კატარი ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდებოდა, განსაკუთრებით მოძმე მუსლიმური ქვეყნის მხრიდან რამადანის თვეში“, თქვა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-ქააბიმ. კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა, რომ ირანის დარტყმები იმის დასტურია, რომ თეირანი რეგიონში არა მხოლოდ ამერიკულ სამიზნეებს ესხმის თავს.
ბოლო 24 საათის მოვლენებმა გლობალურ ბაზრებზე ენერგიის ფასების კიდევ ერთი მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ასევე ნახეთ 12 ქვეყანა ირანისგან მოითხოვს მეზობლებზე თავდასხმების შეწყვეტასაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გააფრთხილა თეირანი სერიოზული შედეგების შესახებ, თუ ის კატარს კვლავ დაესხმება თავს. ტრამპმა თქვა, რომ „შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა დარტყმის შესახებ [სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე] და კატარი არანაირად არ იყო ჩართული ამაში და არც წარმოდგენა ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა“. თუ ირანი კვლავ დაესხმება თავს კატარს, შეერთებული შტატები, ისრაელის დახმარებით თუ მის გარეშე, „მთელ სამხრეთ ფარსის საბადოს გაანადგურებს ისეთი ძალითა და სიმძლავრით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, დაწერა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა აღარ უნდა დაარტყას სამხრეთ ფარსს.
ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს 28 თებერვლიდან ურტყამენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ომის მიზნებია ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურება და იმის არ დაშვება, რომ თეირანმა საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას. ირანი ურტყამს ისრაელს და რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ.
ასევე ნახეთ ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით დაემუქრა, თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს