Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ქვეყანა ირანისგან მოითხოვს მეზობლებზე თავდასხმების შეწყვეტას

ირანული დრონებით შეტევის შედეგად დუბაის აეროპორტის რაიონში გაჩენილი ხანძარი. 2026 წლის 16 მარტი
ირანული დრონებით შეტევის შედეგად დუბაის აეროპორტის რაიონში გაჩენილი ხანძარი. 2026 წლის 16 მარტი

სპარსეთის ყურის ხუთმა სახელმსიფომ კიდევ ათამდე ქვეყანასთან ერთად ირანს თავდასხმების შეწყვეტა მოსთხოვა.

კატარის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კუვეიტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, სირიის, პაკისტანის, თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში 18 მარტს გამართული საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს.

მინისტრებმა დაგმეს ირანის თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და იორდანიაზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე.

  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 2026 წლის 28 თებერვლიდან ირანი საპასუხოდ უტევს ისრაელს და სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში მდებარე სამხედრო ბაზებს და ენერგოობიექტებს. დარტყმები იყო აეროპორტებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებზეც.
  • საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე ირანმა იერიში მიიტანა იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზეც. დრონებით შეტევა იყო აზერბაიჯანის ავტონომიის, ნახიჩევანის აეროპორტზე. თურქეთს არაერთხელ დასჭირდა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ირანული რაკეტების მოგერიება.

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის თავდასხმებს არანაირი გამართლება არ აქვს და გაეროს წესდების შესაბამისად, თავდაცვის უფლება აქვთ.

მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და კეთილმეზობლობის პრინციპებს.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, მეზობლების მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისა და მუქარის გარდა, ირანმა უნდა შეწყვიტოს მასთან კავშირის მქონე მეამბოხეების დაფინანსება და იარაღით უზრუნველყოფა არაბულ ქვეყნებში და თავი შეიკავოს ჰორმუზის და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში საერთაშორისო ნაოსნობისთვის საფრთხის შექმნისგან.

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიაც და მხარდაჭერა გამოუცხადეს ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

  • ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიაზე უტევს ირანის მხარდამჭერ ჰეზბოლას, რომელიც თავის მხრივ, პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას.





ფორუმი

XS
SM
MD
LG