„გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილიას”
მიტროპოლიტმა შიომ საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელს, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ როსტისლავს, ამერიკის და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს:
„ამ სამგლოვიარო დღეებში დიდი ნუგეში და სულიერი მხარდაჭერა და შეწევნაა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და დელეგაციების ჩამოსვლა”.
- სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა შეასრულა მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად.
- წესის აგების მსახურებას წინ უძღოდა წირვა, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა სინოდის წევრებთან ერთად.
ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის ეკლესიის დელეგაცია მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის ეგზარქატის წინამძღოლის, მინსკის მიტროპოლიტ ვენიამინის ხელმძღვანელობით.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა რომის კათოლიკური ეკლესიის დელეგაცია.
ასევე ნახეთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადიწესის აგების მსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილთ მიმართა. მან ილია მეორეს „ერის მზრუნველი და მოსიყვარულე მამა უწოდა“.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის გამოსვლის შემდეგ მას მადლობა გადაუხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ: „თქვენო ყოვლადუწმინდსობავ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის”.
მიტროპოლიტმა შიომ თავის გამოსვლაში ილაპარაკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე:
„49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამათავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა… მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს”.
მიტროპოლიტმა შიომ „საოცარი ფაქტი” უწოდა იმას, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში „ზღვა ხალხი” მიედინებოდა სამების ტაძრისკენ, რათა სიყვარული და პატივისცემა გამოეხატათ სულიერი მამისადმი. მიტროპოლიტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამების ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხს, რომელმაც მსახურებაში უშუალო მონაწილეობა ვერ მიიღო.
გამოსვლის ბოლოს მიტროპოლიტმა შიომ მიმართა გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ ილია მეორე, გთხოვთ დალოცეთ ჩვენი ერი, თქვენი სამწყსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო”.
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
- ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო 1977 წლიდან.