„შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათალიკოსთაგან ვერავინ ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია II-მ“, - თქვა ბართლომეოსმა სიტყვის წარმოთქმის დროს.
მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში ილია მეორის როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:
„ღმერთმა ღირსჰყო ის [ილია მეორე], რომ ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა...
განხეთქილებისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის. ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას“.
მან სიტყვა დაასრულა საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზსა და მნიშვნელობაზე საუბრით:
„ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ ისე შორს მიმდინარე მრავალი ცრემლის მომდენი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი ძმა და თანამწირველი“.
მსოფლიო პატრიარქი საქართველოში დღეს, 22 მარტს დილით ჩამოვიდა - ის აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის გამოსვლის შემდეგ მას მადლობა გადაუხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ:
„თქვენო ყოვლადუწმინდსობავ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის”.
მიტროპოლიტმა შიომ თავის გამოსვლაში ილაპარაკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე:
„49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამათავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა… მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს”.
მიტროპოლიტმა შიომ „საოცარი ფაქტი” უწოდა იმას, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში „ზღვა ხალხი” მიედინებოდა სამების ტაძრისკენ, რათა სიყვარული და პატივისცემა გამოეხატათ სულიერი მამისადმი. მიტროპოლიტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამების ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხს, რომელმაც მსახურებაში უშუალო მონაწილეობა ვერ მიიღო.
გამოსვლის ბოლოს მიტროპოლიტმა შიომ მიმართა გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ილია მეორე, გთხოვთ დალოცეთ ჩვენი ერი, თქვენი სამწყსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო”.
ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას თბილისში, სიონის ტაძრის საკურთხევლის მარცხენა მხარეს დღეს, 22 მარტს დაკრძალავენ. სამების ტაძრიდან მისი გამოსვენება 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ფორუმი