სუდანში, ალ დეაინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოზე განხორციელებული დარტყმის შემდეგად დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი - იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). დაღუპულებს შორის არიან ორი მედდა, ექიმი და პაციენტები. არაოფიციალური ცნობებით, დარტყმა განახორციელა სუდანის არმიამ, სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას.
დაიჭრა 90-მდე ადამიანი. დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა პედიატრიული, სამშობიარო და სასწრაფო დახმარების განყოფილებები. WHO-ის ცნობით, ნგრევის გამო საავადმყოფო იძულებულია შეწყვიტოს მუშაობა.
"დაღვრილია საკმარისი სისხლი. გამოწვეულია საკმარისი ტანჯვა. მოვიდა დრო სუდანში კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს და უზრუნველყოფილი იყოს მისი სამოქალაქო პირების, ჯანდაცვის მესვეურების და ჰუმანიტარული სექტორის წარმომადგენლების დაცვა" - ამბობს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი.
2023 წლის გაზაფხულზე სუდანში დაიწყო სამოქალაქო ომი მოქმედ ხელისუფლებასა და დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებს" (RSF) შორის.
სამხრეთ დარფურის რეგიონს - სადაც ეს საავადმყოფო მდებარეობს - აკონტროლებს RSF, ამ თავდასხმაში, როგორც სააგენტო Associated Press-ი იუწყება, ისინი არმიას სდებენ ბრალს. სუდანის არმიას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ჟურნალისტებს ორმა ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე პოლიციის სადგური.
გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 40 ათასზე მეტი ადამიანი, რვა მილიონზე მეტ პირს ქვეყნიდან გამგზავრება მოუწია. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ომის დანაშაულების ჩადენაში, დაჯგუფება RSF-ის მოქმედებებში ასევე იკვეთება "გენოციდის ნიშნები" - აცხადებს გაერო. ომის გამო სუდანის მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა. თავდასხმეთა სამიზნე ხშირად ხდებიან ჰუმანიტარული მისიების თანამშრომლები.
ასევე ნახეთ სუდანში დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა