- ეს იმიტომ, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სკოლას ერთდროულად დაამთავრებენ როგორც XI, ასევე XII კლასის მოსწავლეები.
- გაორმაგებული კვოტებიც ეხება უნივერსიტეტებში იმ სასწავლო წელს, - 2028-2029 სასწავლო წელს, - როდესაც ისინი პირველ კურსზე ჩაირიცხებიან.
- ჯერ გაურკვეველია, როგორ მოახერხებენ უნივერსიტეტები სტუდენტთა გაორმაგებული ოდენობის მიღებას;
- სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება - თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული ბიუჯეტიც, რა დაუჯდება სახელმწიფოს სტუდენტების გაორმაგებული ოდენობის სწავლის დაფინანსება.
ამასთან, ცვლილებებს გარკვეული ზეგავლენა ექნება შრომის ბაზარზეც.
რა არის სიახლე?
განათლების რეფორმის ფარგლებში, - რეფორმისა, რომელსაც საზოგადოების, მათ შორის უნივერსიტეტების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და „დეფორმას“ უწოდებს, - საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს.
ცვლილებების ქვაკუთხედია პრინციპი: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
ასევე ნახეთ განათლების რეფორმა ილიას უნივერსიტეტს "ფაქტობრივად ხურავს” - ეს თუ ასეა, რა ბედი ეწევა შენობებს?ცვლილებების თანახმად:
- სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 11 წლით განისაზღვრება;
- მე-12 კლასის გავლა კი ნებაყოფლობით გახდება 2028-2029 სასწავლო წლიდან.
- ეს ნიშნავს, რომ 2027-2028 სასწავლო წელს XI-XII კლასის მოსწავლეები ერთდროულად დაამთავრებენ სწავლას.
დღეს, 2026 წლის 25 მარტს განათლების სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის გამო 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება.
ასევე ნახეთ არაკონსტიტუციურია, ასამარებს უმაღლეს განათლებას, აკადემიურ თავისუფლებას, ევროპულ მომავალს - ილიაუნი დაანონსებულ ცვლილებებზეეხება მაგისტრატურასაც
ცვლილება შეეხება მაგისტრატურის საფეხურსაც, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა:
- 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი;
- ამრიგად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება, - აცხადებს სამინისტრო.
ზეგავლენაზე შრომის ბაზარზე
- ამჟამად, ყოველ წელს, პირველკურსელი ხდება საშუალოდ 20 ათასი ადამიანი;
- 2029 წლის სექტემბრისთვის ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზრდება;
- მაგისტრატურის შემთხვევაში 2029 წელს ეს იქნება დაახლოებით 3000 სტუდენტიდან 6000 სტუდენტამდე „ნახტომი“;
- ეს ერთჯერადი „ნახტომი“ იქნება რაოდენობაში, რაც მომდევნო წლიდან კვლავ შემცირდება.
ეს გადაწყვეტილებები ამავე დროს ნიშნავს, რომ შრომის/დასაქმების ბაზარზე, - მეტწილად, სავარაუდოდ, დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე - კონკურენცია გაიზრდება - მოკლევადიან პერიოდში.
ეს ეფექტი შეიძლება შეარბილოს მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ.
კონკურენციის ზრდამ კი, თავის მხრივ, შესაძლოა, ხელფასებზე იქონიოს ზეგავლენა, - თუკი გაიზარდა მუშახელის მიწოდება ისე, რომ მუშახელზე მოთხოვნა უცვლელი დარჩა, დამსაქმებლებს მეტი არჩევანი ექნებათ კადრების შერჩევაში.
2026 წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის სასახლეში ინტერპელაციის წესით მისულმა ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს განუცხადა, რომ რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სამუშაო ძალის არსებული დეფიციტის მოგვარებაც იყო:
- „30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას“, - თქვა მან;
- „ანუ, 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს“, - განმარტა კობახიძემ;
- მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, „უკვე ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი“ და „ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის დაძლევა“.
წელს მეტი არაფერი იცვლება - ჯერჯერობით
წლევანდელი სასწავლო წელი ზაფხულში დასრულდება; მათ, ვინც წელს ამთავრებს სკოლას, ეხებათ 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში პროგრამების კვოტირების შესახებ მთავრობის დადგენილება.
ეს დადგენილება 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა:
- თავდაპირველად უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა 21 300 ადგილით განისაზღვრა;
- 26 თებერვალს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს, რის შედეგადაც მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა გაიზარდა 21 574-მდე (274 ადგილით).
რაც შეეხება მაგისტრატურას:
- წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა ჯერ განისაზღვრა 3233 ადგილით;
- 26 თებერვლის ცვლილებით - 3335 ადგილით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, - რომელსაც მნიშვნელოვნად ეზღუდება სასწავლო პროგრამები, - მომავალ სასწავლო წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება ექნება საბაკალავრო პროგრამებზე. ეს 92%-იანი შემცირებაა.
ასევე ნახეთ 92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს ასევე ნახეთ განათლების რეფორმა ილიას უნივერსიტეტს "ფაქტობრივად ხურავს” - ეს თუ ასეა, რა ბედი ეწევა შენობებს?