არაფერი იცვლება. 1+4 გახდება 1+3, სტუდენტებს მობილობის საშუალება ექნებათ, გვიხსნიან განათლების სამინისტროში.
"გამოდის, რომ ჩემი არჩევანი აღარ არსებობს"
18 წლის ელმინაზ ოსმანოვა, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩ-მუღანლოდან, დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1+4 პროგრამის მოსამზადებელ კურსზეა, ქართულს სწავლობს, სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება სურს და მომავალში თავისი სანოტარო ბიუროს გახსნაზე ოცნებობს. აისრულებს ელმინაზი ამ ოცნებას?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტზე სწავლას, რომელიც მას სურდა, ელმინაზი ვეღარ გააგრძელებს. უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სამართლის ფაკულტეტი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება.
მისთვის და 1+4 პროგრამის მონაწილე არაერთი სხვა სტუდენტისთვის, დღეს ბოლომდე გაურკვეველია, სად და რა პირობებით გააგრძელებენ სწავლას.
მოხვდებიან თუ არა ბაკალავრიატის პირველ კურსზე სასურველ ფაკულტეტებზე?
„თსუ ან სხვა უნივერსიტეტი რომ მდომოდა, ხომ თავიდანვე იქ ჩავაბარებდი? გამოდის, რომ ჩემი არჩევანი აღარ არსებობს, - გვეუბნება ელმინაზი, - დღეს მხოლოდ ილიას უნივერსიტეტშია ჩარიცხული მოსამზადებელ კურსზე დაახლოებით ხუთასი ახალგაზრდა. ყველა შეძლებს გახდეს სტუდენტი? თუ სხვა უნივერსიტეტებში მოგვიწევს გადასვლა, იქაც ხომ კონკურსია, იქაც ხომ არიან ჩვენნაირი, 1+4 პროგრამის მონაწილეები? ქართველი აბიტურიენტებიც ხომ დაგვემატებიან?"
ელმინაზი გვიზიარებს, რა საფრთხეს ხედავს ის დაგეგმილ ცვლილებებში ზოგადად და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის:
ის გვიყვება, რომ უმრავლესობა, რომლებიც დღეს 1+4 პროგრამის მოსამზადებელ კურსზე არიან ჩარიცხული, არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან, სადაც ქართულ ენას ხარისხიანად და სრულყოფილად ვერ სწავლობენ, არ აქვთ ქართულად ყოველდღიური კონტაქტი. ამიტომ, ამ კურსს და მისი წარმატებით დასრულების მერე სწავლის გაგრძელებას, მათი მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„დამწყები, A1 დონის ცოდნით მოვედი აქ და ახლა უკვე ლაპარაკი შემიძლია. გრამატიკა ჯერ ცოტა მიჭირს, მაგრამ სულ ვმუშაობ ამაზეც. ქართველი ლექტორებიც გვეხმარებიან. ჩვენთვის აქ სწავლა, ქართველ სტუდენტებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ინტეგრაცია შევძლოთ. თუ ეს შეგვეზღუდება, ბევრი კარი დაიხურება“.
„რეფორმა“ თუ ბარიერი?
18 წლის ბაირამ მამედოვიც, მარნეულის რაიონის სოფელ ყულარიდან, ამ კურსზე სწავლობს, ისიც სამართლის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ემზადებოდა.
აბიტურიენტობის პერიოდში გულდასმით შეარჩია უნივერსიტეტი, სადაც სწავლის გაგრძელება სურდა და „სადაც ხარისხიანი და ევროპული განათლების მიღებას შევძლებდი და ილიაუნიც ამიტომ ავირჩიე“, - ამბობს ის.
ახლა კი ბაირამიც დაბნეულია და იმედგაცრუებულიც, რადგან თავის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში და სასურველ ფაკულტეტზე სწავლას ვერ გააგრძელებს.
„მომავალ წელს, ხომ ვიცით, რომ სულ 300 სტუდენტი უნდა მიიღონ? ქართველი აბიტურიენტებიც ხომ არიან მათ შორის? როგორ გადავნაწილდებით? სამართლის ფაკულტეტი მხოლოდ თსუ-ში რჩება და გამოდის, იქ უნდა ვისწავლო, მაგრამ მათაც ხომ თავიანთი სტუდენტები ჰყავთ ამავე პროგრამაზე? სად ვინ როგორ მოვხვდებით, არაფერი ვიცით. აქამდე კი თითქოს ჩვენი მომავალი ძალიან ნათელი იყო“.
ელმინაზი და ბაირამი არ არიან მარტო
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტებმა, მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა 11 მარტს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და თქვეს, რომ 1+4 პროგრამის შეკვეცა, აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისთვის არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, გაზრდის სოციალურ უთანასწორობასაც და სერიოზულად დააზიანებს ამ ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესს.
რუსუდან გერსამია, რომელიც ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამას თანახელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იხსენებს, რომ 2010 წელს, როცა ეს პროგრამა ამუშავდა, მათ მხოლოდ ხუთი აბიტურიენტი მიიღეს.
დღეს მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს ჰყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 500 სტუდენტი მოსამზადებელ კურსზე.
„ახლა კი გამოდის, რომ ახალი შემუშავებული წესი, რომელიც კვოტირების სისტემას ეხება, მნიშვნელოვნად შეამცირებს სტუდენტთა რაოდენობას ამ პროგრამაზე. ამ ხუთასი სტუდენტიდან 350 მაინც ხომ დაამთავრებს წარმატებით მოსამზადებელ კურსს? თუმცა იმის გამო, რომ ჩვენთან პროგრამების 92% უქმდება, ამ ახალგაზრდებს აღარ მიეცემათ შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე“.
განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს არ შეეხება. 1+4 პროგრამის მოსამზადებელ კურსზე სხვა უნივერსიტეტებშიც ასობით სტუდენტი სწავლობს.
რეფორმის შედეგად რომ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები საგრძნობლად მცირდება, ამაზე წერს განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძეც და შენიშნავს, რომ თუ 2025 წელს ქართული ენის პროგრამაზე ამ უნივერსიტეტებში 1368 სტუდენტი ჩაირიცხა, 2026 წლისთვის ეს რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, 1120-მდე (20%-ით) შემცირდება.
- მისი გათვლით, ადგილების კლება განსაკუთრებით მწვავედ აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს შეეხებათ. 2025 წელს ამ ჯგუფისთვის გამოყოფილი 976 ადგილიდან, მომავალ წელს მხოლოდ 560 დარჩება. ეს ნიშნავს, რომ მათი ჩარიცხვის შესაძლებლობა 40%-ზე მეტით იკლებს.
- შალვა ტაბატაძის პროგნოზით, ცვლილებები საგანგაშო მდგომარეობას შექმნის რეგიონულ უნივერსიტეტებშიც - სტუდენტთა მიღება განახევრდება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში. სომხურენოვან სტუდენტთა კვოტა 60%-ით მცირდება (54-დან 22 ადგილამდე), ხოლო გორის უნივერსიტეტში აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების მიღება 41-დან 23-მდე დაიკლებს.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ილიას უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა მომავალი სასწავლო წლისთვის თითქმის 92%-ით შემცირდება. უნივერსიტეტს ახლა 17 ათასზე მეტი სტუდენტი ჰყავს, 2026 წლის ზაფხულიდან წელიწადში მხოლოდ სამასიდან ოთხასამდე სტუდენტის მიღება შეეძლება.
დაგეგმილ ცვლილებებში საფრთხეს ხედავს ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე მოძრაობა „სალამიც“.
ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, "სალამი“ აცხადებდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება.
საერთოდ ვინმემ იფიქრა ჩვენზე?
„ჩემი აზრით, როცა ეგ ე.წ. რეფორმა დაანონსდა, ეთნიკური უმცირესობები საერთოდ არ ვიყავით გათვალისწინებული. არც კი უფიქრიათ ამაზე - უნივერსიტეტებში მოსამზადებელ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებს რა უნდა ექნათ. მათ უბრალოდ უთხრეს, სადღაც უნდა გადახვიდეთო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსლან ომაროვიც, რომელიც თავადაც 1+4 პროგრამით გახდა სტუდენტი.
ის 2019 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე. ფიქრობს, რომ ეს კურსი იდეალურად სრულყოფილი არ ყოფილა და დღესაც ბევრი რამის გაუმჯობესებაა საჭირო, თუმცა ეთნიკური უმცირესობებისათვის ეს ერთ-ერთი დამხმარე საშუალება იყო ქართული ენის უკეთ შესასწავლად.
იხსენებს, რომ თსუ-ში პროგრამა მეტად თეორიული იყო, ვიდრე პრაქტიკული და სულ ესმოდა, რომ ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებს მეტი პრაქტიკული დავალება ჰქონდათ.
მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ რუსლანმა სწავლა გააგრძელა ბაკალავრიატზე, ინგლისური ფილოლოგიის განხრით. დღეს ის უკვე ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტია და განათლების ადმინისტრირების პროგრამის ბოლო კურსზეა.
„გარდა იმისა, რომ არჩევანი იძულებით ეცვლებათ, სერიოზული ბუნდოვანებაა იმაზეც, ჩარიცხვის წესი როგორი იქნება, რას ჩააბარებენ, მობილობის წესი როგორ შეიცვლება... ჩვენთვის, რადგან ქართული ენა არ არის მშობლიური ენა, ისედაც რთულია ამ კონკურენციაში შესვლა და ამიტომ წინასწარ დიდხანს ვემზადებით ხოლმე, ვარკვევთ რა გვინდა და ისე ვაკეთებთ არჩევანს და ახლა, გამოდის, ყველა უნდა გადავიდეს მისთვის არასასურველ ფაკულტეტსა თუ უნივერსიტეტში“.
რას ნიშნავს 1+4?
ეს პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს.
სწორედ ამ დროიდან მიეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა, საქართველოში უმაღლესი განათლება მიეღოთ გამარტივებული წესით.
გამარტივებული სისტემა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს, მერე კი, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
ამ პროგრამით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებსაიტზე იძებნება 2010-დან 2018 წლამდე სტუდენტების ჩარიცხვის სტატისტიკა, რომლის დინამიკაც ასე გამოიყურება:
- 2010 წელი - 247 სტუდენტი
- 2011 წელი - 430 სტუდენტი
- 2012 წელი - 589 სტუდენტი
- 2013 წელი - 890 სტუდენტი
- 2014 წელი - 673 სტუდენტი
- 2015 წელი - 741 სტუდენტი
- 2016 წელი - 960 სტუდენტი
- 2017 წელი - 1047 სტუდენტი
- 2018 წელი - 1231 სტუდენტი
ამ პროგრამაზე სტუდენტების მიღებამ მცირედით იკლო მხოლოდ 2020 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, რაც პანდემიით იყო განპირობებული. მას შემდეგ პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების რაოდენობა კვლავ იმატებს.
საერთო ჯამში, ბოლო 5 წლის განმავლობაში 5837 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, აქედან კი დაფინანსება მიიღო 951-მა, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 16%-ია.
2025 წელს ამ პროგრამას 1400-მდე სტუდენტი ჰყავდა.
რას პასუხობს დაგროვილ კითხვებს განათლების სამინისტრო?
„არაფერი არ უქმდება, არაფერი არ იცვლება. ეს ჩვენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც ავუხსენით. მობილობის შესაძლებლობაც ექნებათ. ერთადერთი, დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა გახდება 4-ის ნაცვლად 3 წელი, 1+4 პროგრამაც შეიცვლება 1+3 პროგრამით“, - გვითხრეს განათლების სამინისტროში.