რუსეთში თითქმის სრულად დაბლოკეს პლატფორმა Telegram-ის მუშაობა

რუსეთში თითქმის სრულად დაბლოკეს პლატფორმა Telegram-ის მუშაობა, 2026 წლის მარტი

რუსეთის უწყება "როსკომნადზორმა" თითქმის სრულად დაბლოკა პლატფორმა Telegram-ი - რასაც მოწმობს საერთაშორისო საგამოძიებო პროექტ OONI-ის მონაცემები, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა გამოცემამ "აგენტსტვო".

25 მარტს, დილით ჩატარებული ცდების თანახმად, ამ მესინჯერის ბლოკირების ნიშნების დამადასტურებელ ანომალიათა დონემ 74 პროცენტს მიაღწია.

ანომალიათა მაქსიმალური რაოდენობა (1317) აღირიცხა კვირას, 22 მარტს. მაშინდელი დონე (78%) შეეფარდება Signal-ისა და WhatsApp-ის შენელებას - იქ შაბათ-კვირას ანომალიათა მაჩვენებელი დაახლოებით 87 პროცენტი იყო. VPN-სერვისების გარეშე ამ მესინჯერებს რუსეთის მოქალაქეები ვერ ხსნიან.

Telegram-ის შეფერხების თაობაზე ჩივილები კვლავ ვრცელდება.

РБК, The Bell და ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი Baza იუწყებოდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავს აპრილისთვის Telegram-ის "ტოტალურ ბლოკირებას", Instagram-სა და facebook-ის ანალოგიით.

რუსეთში ომის მომხრე ბლოგერები და საზოგადო ფიგურები მკაცრად აკრიტიკებენ ბლოკირებას და აცხადებენ, რომ Telegram-ს კავშირის საშუალებად აქტიურად იყენებენ უკრაინაში მყოფი რუსეთის სამხედროები. მათი მტკიცებით, Telegram-ის მუშაობაში შეფერხებებს და Starlink-ის გათიშვას მოჰყვა პრობლემები ფრონტზე, მათ შორის ზაპოროჟიეს რეგიონში.

კრემლი პასუხად აცხადებს, რომ იმ ვითარების წარმოდგენა, რომელშიც Telegram-ის დაბლოკვა რუს სამხედროებს ძალისხმევის კოორდინირებაში სირთულეებს მოუტანს, "რთულია და შეუძლებელი". მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა Telegram -ის მუშაობა არ დაბლოკოს რუსეთის სამხედროებისთვის "საგანგებო საბრძოლო ოპერაციის" ზონაში (რუსეთის ხელისუფლება ამ ტერმინით მოიხსენიებს უკრაინაში მის მიერ წარმოებულ ომს). უცნობია ეს კონკრეტულად რა გზებით განხორციელდება.

ასევე ნახეთ Forbes: რუსეთში ვერ ახერხებენ აკრძალული საიტების ბლოკირებას