პუტინმა შეზღუდა რუბლისა და ოქროს გატანა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეზღუდვები უწესდება რუბლის კუპიურების და ოქროს გატანას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში - სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

1 აპრილიდან ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ რუბლის ნაღდი ფულით გატანა მოცულობით, რომელიც გადააჭარბებს 100 ათას ამერიკულ დოლარს. ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და ფიზიკური პირებისთვის აკრძალვა თანხისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.

გამონაკლისი იქნება ის შემთხვევები, როცა გატანა განხორციელდება საჰაერო გამშვები პუნქტებით, საერთაშორისო აეროპორტებში. ამასთან, სახსრების გატანისთვის საჭირო იქნება საბანკო ამონაწერი, რომლითაც დადასტურდება, რომ თანხა წამოღებულია მისი გადამტანი პირის ანგარიშიდან.

1 მაისიდან ამოქმედდება აკრძალვა 100 გრამზე მეტი ოქროს გატანაზე, ზოდების ფორმით. ეს აკრძალვა ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებზე.

გამონაკლისი დაიშვება გატანაზე მოსკოვის და ვლადივოსტოკის საერთაშორისო აეროპორტებიდან. გატანისთვის საჭირო იქნება ნებართვის დოკუმენტი შესაბამისი ფედერალური უწყებიდან. ფიზიკურ პირებს ეს დოკუმენტი დაჭირდებათ მაშინაც, როცა ოქროს გაიტანენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არმყოფ სახელმწიფოებში.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ ვალუტის და ოქროს გატანის საგანგებო წესი შემოდის "ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით".

ასევე ნახეთ Reuters: რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების 40% მწყობრიდან არის გამოსული