ფოტოგრაფ მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ დაწყებული „გზის გადაკეტვის“ საქმეზე შსს-მ სხდომის გადადება მოითხოვა

„ნეტგაზეთის“ ფოტოგრაფი მარიამ ძიძარია.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თარიღის დაუზუსტებლად გადადო „ნეტგაზეთის“ ფოტოგრაფის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმის განხილვა. გადაწყვეტილება დღეს, 27 მარტს გახდა ცნობილი.
  • შსს „ნეტგაზეთის“ ფოტოკორესპონდენტის მარიამ ძიძარიას 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“ მუშაობის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო ნეტგაზეთის ჟურნალისტის ადმინისტრაციული დევნის გამო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის ბოლო ცვლილებებით, „დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“. ამისთვის 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.

დღევანდელი სხდომის გადადება შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით.

ადვოკატმა ნიკა სიმონიშვილმა თქვა, რომ ამ ვიდეომტკიცებულებაში კარგად გამოჩნდება, რომ "ჟურნალისტი იქ მუშაობდა".

დღესვე ცნობილი გახდა მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილება, რომელიც იგივე საქმეზე 21 აპრილს გამოაცხადებს "მედიაჩეკერის" ჟურნალისტის ნინია კაკაბაძის მიმართ გადაწყვეტილებას.

ასევე ნახეთ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ დაწყებული „გზის გადაკეტვის“ საქმეზე გადაწყვეტილება ერთ თვეში გამოცხადდება

მოსამართლე თორნიკე კაპანაძეა გამოცემა "ტაბულის" ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას საქმის განმხილველი მოსამართლეც. კუპრავას 7 თებერვალს, "გზის გადაკეტვას" ედავებიან. მარიამ კუპრავასთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ 31 მარტს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

ასევე ნახეთ მოსამართლემ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის „ტროტუარზე დგომის“ საქმე​
ასევე ნახეთ მოსამართლემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმე

ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.

მაგალითად, გუშინ, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მარიამ მაძღარაშვილს.

ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმა.

გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით, „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.

სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.

კანონში ცვლილებები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.

ისინი დავობენ, რომ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:

  1. ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
  2. შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი);
  3. კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).